ლარის გაუფასურება

გიორგი ქობულია: ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას თქმით, მომავალი ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა უფრო ძლიერი იქნება.

"ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით", - თქვა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარი სტაბილურობას დაუბრუნდება.

"დღეს, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება, ჩვენი ეკონომიკა როგორც ნახეთ სექტემბერში გაიზარდა 6%-ით და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად იქნება სტაბილური და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსთვის", - თქვა გიორგი ქობულიამ.

დღეს, ლარი დოლართან 0.81 თეთრით, ევროსთან კი - 2.94 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 3.1170 ლარი.

უცხოური ვალუტის ღირებულება კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო პუნქტებში უფრო მეტია. ერთი დოლარის შეძენა 2.74-2.76 ლარად არის შესაძლებელი, ერთი ევროსი - 3.14-3.17 ლარად.

აღსანიშნავია, რომ ლარი ერთ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. 

კომენტარები