მედიცინა

აპენდიქსის ამოკვეთა შესაძლოა 20 %-ით ამცირებდეს პარკინსონის დაავადების რისკს

ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აპენდიციტს უჩვეულო დადებითი მხარე აქვს: ადამიანებში, რომლებსაც ბრმა ნაწლავის დანამატი ამოკვეთილი აქვთ, 20 %-ით ნაკლებია პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი. 

პარკინსონის დაავადება მრავალსისტემური დარღვევაა, შესაბამისად, არსებობს ბევრი საწყისი ადგილი საიდანაც იგი შეიძლება განვითარდეს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ერთ-ერთი მათგანია. სხვა ადამიანებისთვის ეს ადგილი ტვინია. 

პარკინსონის დაავადება უკურნებელია, ექიმები ყოველწლიურად პარკინსონის 60 000 ახალ დიაგნოზს სვამენ. სიმპტომები გულისხმობს თითების, ხელების, ფეხების, ტერფების კანკალს, კუნთების დაძაბულობას (რიგიდობა), წონასწორობის დარღვევას, დეპრესიას, ყაბზობას, წერის და მეტყველების პრობლემებს. ეს სიმპტომები ტვინის იმ უჯრედების ეტაპობრივი სიკვდილის შედეგია, რომლებიც ნეიროტრანსმიტერ დოპამინს წარმოქმნიან.

კვლევამ აჩვენა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები მოძრაობის სიმპტომებამდე 20 წლით ადრე შეიძლება დაიწყოს. 

"პარკინსოსნის დაავადება მხოლოდ მოძრაობის დარღვევა არაა. არა-მოტორული სიმპტომებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებია."- ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, ვივიენ ლებრი. ამიტომაც ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დაავადება შესაძლოა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იწყებოდეს. აპენდიქსი შეიცავს ცილა ალფა-სინუკლეინს, რომელიც პარკინსონის მქონე პაციენტების ტვინში გროვდება.

კვლევის პროცესში, ლებრიმ და მისმა კოლეგებმა 1.6 მილიონზე მეტი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. მიღებული შედეგების თანახმად, აპენდექტომია დაკავშირებულია პარკინსონის ჩამოყალიბების 19.6%-ით შემცირებულ რისკთან.

ამისგან დამოუკიდებლად, მათ შეამოწმეს პარკინსონის მქონე 849 პაციენტების მონაცემები, რომლებსაც ადრეულ ასაკში აპენდექტომია ჩაუტარდა და გამოავლინეს, რომ მათ დაავადება საშუალოდ 3.6 წლით უფრო გვიან ეწყებათ.

"ალფა-სინუკლეინი ცილაა, რომელსაც ერთ ადგილას ყოფნა არ მოსწონს. ის მოძრაობს ნეირონიდან ნეირონამდე და პოტენციურად ცთომილ ნერვამდე მიღწევა შეუძლია, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ტვინს აკავშირებს. თუ ის ტვინში მოხვდება, მას ნეიროტოქსიკური ეფექტები ექნება და საბოლოოდ პარკინსოსნის დაავადებას გამოიწვევს" - ამტკიცებენ კვლევის ავტორები. 

პარკინსონის ფონდის სამეცნიერო ხელმძღვანელი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების და ფიზიოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბეკი ამბობს, რომ ეს კვლევა სანდოა. 

დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის სტატისტიკის პროფესორი, კევინ მაკკონვეი ამბობს, რომ კვლევა "კომპეტენტურია", თუმცა მან გააკრიტიკა მკვლევრების სტატისტიკის მეთოდები. მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც აპენდიქსი ადრეულ ასაკში ამოკვეთეს, საშუალოდ, განსხვავებული იქნებიან დანარჩენი პოპულაციისგან სხვა ასპექტებითაც. ნებისმიერი ეს განსხვავება შესაძლოა იყოს პარკინსონის რისკის შემცირების მიზეზი და არა უშუალოდ აპენდიქსის გამოკვეთა" 

კომენტარები