არჩევნები 2018

გახარია: საოკუპაციო ხაზის სიახლოვე სენსიტიურს ხდის ზუგდიდში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვის გამო, ზუგდიდში არჩევნების ჩატარების საკითხი უფრო სენსიტიურია. მინისტრი სამეგრელოში მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. იქ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას ჩაბარდა.

"ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში არის დროებითი გამყოფი ხაზი და ეს დამატებით რისკებს აჩენს, დამატებით სენსიტიურობას სძენს აქ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ" - ამბობს გახარია.

შს მინისტრის მტკიცებით, "პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა და პოლიცია იქნება უსაფრთხოების დამცველი". მისი თქმით, "ყველა გადაცდომას ან კანონის დარღვევას პოლიცია აღკვეთს".

ამასთან, გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

"რაც შეეხება სიებს და კიდევ ბევრ სხვა ჭორს, ამაზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს, სამეგრელოში შსს-ს შეიძლება დამატებითი მოკვლევა დასჭირდეს და თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება" - ამბობს მინისტრი.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ "დამოუკიდებელ კანდიდატს" სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ამისთვის, ქართული ოცნება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო შტაბები შექმნა.

არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, ის მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები