ოჯახში ძალადობა

6 თვე პატიმრობა და 6 თვე პირობითი მსჯავრი - დედისა და დეიდის ქამრით ცემისთვის

www.geo.tv

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის და დეიდის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ი.გ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მსჯავრდებული აქედან 6 თვეს პენიტენციურ  დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივნისს, თბილისში, ი.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს, დედას - ნ.კ. თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ქამრის ბალთა დაარტყა. მათ გაშველებას  ნ.კ.-ს და - ო.ც. შეეცადა, რა დროსაც ი.გ.-მ მას ხელის არეში ქამარი რამდენჯერმე  დაარტყა. შემდეგ კი  დედას ყელის არეში მოუჭირა ქამარი და მოკვლით დაემუქრა. ნ.კ.-მ შვილისგან თავის დაღწევა მოახერხა და მეზობლებთან საშველად გაიქცა. მას ი.გ. დაედევნა და კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ქამრის ბალთა" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ი.გ.-მ 2017 წლის ნოემბერში, ურთიერთშელაპარაკების დროს, დედამისს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.  

სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 4 ივნისს, თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება წარედგინა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა).

კომენტარები