კახიძე: ფარცხალაძის საქმით დადასტურდა, რომ სისტემა ემსახურება ივანიშვილის დავალებებს

ოთარ კახიძე
ტაბულა

"ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ამას როგორც მართლმსაჯულების განხორციელების მაგალითს," - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ფარცხალაძის საქმე საფასებს. კახიძე ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმით დადასტურდა, რომ მთელი სისტემა ემსახურება ივანიშვილის დავალებებს.

"ფარცხალაძისთვის ასეთ რეჟიმში ბრალის წარდგენა არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ state capture-თან, ანუ სახელმწიფოს მიტაცება, მთელი სისტემა მოქმედებს ერთი მიზნისთვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ამოცანების შესრულება. ვინაიდან, პროკურატურამ რატომღაც ახლა აღმოაჩინა, რომ ფარცხალაძე დასაკითხი იყო, ახლა აღმოაჩინა, რომ წელიწადნახევრის თავზე დაზარალებულად უნდა ეცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე ბრალი ყოფილა წარსადგენი. ბრალის წარდგენა მოხდა ისეთ რეჟიმში, რომ ამის შესახებ შეიტყო, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ისე ჩანიშნეს სასამართლო რომ არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

კახიძეს კითხვები აქვს საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც. უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს ცემის მუხლის ნაცვლად ბრალი ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით უნდა ჰქონდეს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"კვალიფიკაცია - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბრალია აქვს წარდგენილი 126-ე ცემის მუხლით,  მაშინ როცა სახეზეა 353 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. პირველ შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მეორე შემთხვევაში გათვალისწინებულია 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აღკვეთის ღონისძება გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, რომ მიღწეული იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, რომ არ მიემალოს გამოძიებას არ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე, არ გაანადგუროს მტკიცებულებები და მულტიმილიონერი, რომელიც არის ხელისუფლების და ივანიშვილის დავალებით მთელი ქვეყნის ბიზნესის არაფორმალური მმართველია მისთვის 5 000 ლარის შეფარდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პირდაპირ ამხილეს საკუთარი თავი, რომ დიახ სისტემა - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, საზოგადოებრივი მაუწყებელი , ყველა ემსახურება ივანიშვილის დავალებებს, რომ როგორმე მეორე ტურის წინ ამომრჩევლის ხმები მოიზიდონ, ამ დროს მიიღებენ საპირისპირო შედეგს , რადგან ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს როგორც მართლმსაჯულების განხორციელების მაგალითს." - ამბობს კახიძე.

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, აუდიტის სახლმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის ცემისთვის ბრალი გუშინ წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 23 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა მისი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

 

კომენტარები