გოცირიძე: ფარცხალაძე და ივანიშვილის კლანი ისეა გადაბმული, ერთმანეთს ვერ გაწირავენ

ტაბულა

"ფარცხალაძე და ივანიშვილის კლანი ისეა გადაბმული ერთმანეთზე, რომც უნდოდეთ ერთმანეთს ვერ გაწირავენ" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობსი წევრი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორის საქმეს აფასებს. გოცირიძის თქმით, ოცნებას უნდა შექმნას ილუზია, რომ ფარცხალაძის ან მისი მსგავსი ჩინოვნიკების დასჯა შესაძლებელია, სინამდვილეში კი მას საარჩევნო მიზნებისთვისაც კი ვერ ჩასვამენ ერთი დღით ციხეში. 

"ფარცხალაძის საქმე ეს არის - კანაფი ორი. როგორც კანაფის საკითხი გაიწვიეს წინასაარჩევნოდ უკან მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად, ასევე უნდათ აუხვიონ მოსახლოებას თვალი და შექმნან იმის იმიტაცია, რომ თითქოს და შესაძლებელი იყოს ფარცხალაძის ან მისი მსგავსი ჩინოვნიკების დასჯა. ეს არის შეუძლებელი, როგორც ალპინისტები არიან გადაბმული თოკით და საკმარისია ერთი მოწყდეს და დანარჩენს ჩაიყოლებს, ასე არიან გადაბმული ფარცხალაძე და ივანიშვილის მთელი კლანი ერთმანეთთან და ისინი ერთმანეთს ვერ გაწირავენ, რომც უნდოდეთ მაინც. ფარცხალაძის ერთი დღის ჩაყუდება რომ იყოს საჭირო, საარჩევნო მიზნებისთვის, ერთი დღითაც კი ვერ ჩასვამენ კამერაში. დამცინავი და ცინიკური არის ის, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრეს წვრილმანი მუშტი-კრივისთვის, ნაცვლად იმისა, რომ აღძრულიყო საქმე დანაშაულზე, რომელიც დაკავშირებულია ფარცხალაძის წინააღმდეგ არსებულ კორუფციული ფაქტებთან. ასევე არ არის საერთოდ ნახსენები ფარცხალაძის მიერ ძალადობრივად 4 მილიონი ლარის გამოძალვა ომეგას საქმეში. ისევე როგორც არის ნახსენები სარდაფში ადამიანი ჩაყვანა და ცემა. ეს არის საჩვენებელი პროცესები, რომლითაც უნდათ შექმნან წინასაარჩევნოდ რაღაც ცვლილებების ილუზია." - ამბობს გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლება პანიკაშია და ყველა მისი ქმედება უკუეფექტის მომცემია მეორე ტურში. 

"ხატოვნად რომ ვთქვათ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს, არათუ ძაღლის, კატის ტყავსაც კი არ გლეჯენ, პატარ-პატარა ლიფსიტებს დასდევენ. საშუალო ზომის ლიფსიტა კი გამოიჭირეს ზუგდიდში, ყოფილი მერი, მაგრამ ესეც წინასაარჩევნოდ ხდება და სულ მალე დავრწმუნდებით რომ მასაც გამოუშვებენ ან საპროცესოთი ან სხვა გზით. არჩევნების შედეგებმა აჩვენა რომ ხელისუფლება არის პანიკაში, მათთვის ამ არჩევნების წაგება ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას, ივანიშვილისთვის პირად ტრაგედიას. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულად მუშაობენ ყველა მიმართულებით. მაგრამ  მათი მუშაობის სტილს არ ატყვია გონიერი ადამიანების ხელი. ყველა მათი ნაბიჯი ნიანგის ცრემლების გადმოყრა და ასე შემდეგ არის უკუეფექტის მომცემი, ერთადერთი „ეფექტი“ არის არჩევნების ტოტალური გაყალბება, ამას ნუ გაბედავენ." - ამბობს გოცირიძე.

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, აუდიტის სახლმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის ცემისთვის ბრალი გუშინ წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 23 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა მისი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

კომენტარები