რუსული ოკუპაცია

საგარეო: რუსეთის უკანონო ქმედების მიზანია საოკუპაციო ხაზთან ვითარების დესტაბილიზაცია

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას. რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება დაიწყეს.
 
საგარეო უწყების შეფასებით, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
 
"რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან. საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან" -
აცხადებს საგარეო უწყება და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები.

"და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ. ამასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ გააქტიურა ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას დააყენებს ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები