7 ნოემბერი

ვაშაძე: 7 ნოემბერი უმძიმესი შეცდომა იყო, არ შეიძლება, ყველაფერი გამოიყენო, რაც დაშვებულია

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

"ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის". ის აღნიშნავს, რომ მაშინ არავითარი კავშირი არ ჰქონია ხელისუფლებასთან და რიგითი კერძო პირი იყო, მაგრამ "მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ". ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიების.

"სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრინციპს სათანადოდ არ ვცემდით პატივს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერს: ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებელი როლი, სამწუხაროდ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება.

ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას ჰქონდა თუ არა ამ ზომების გამოყენების სამართლებრივი უფლება და საფუძველი. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა მაშინ და მართებს ახლაც.

კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ჩემს მეგობარ გიორგი თარგამაძესთან, და ყოველი საუბრის ბოლოს, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის მოვლენა და ვერანაირი გამართლება ამის ჩამდენ ხელისუფლებას ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი იმედი სისტემატიურად მიძღვნის ფეიკ ნიუსებს, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ვერავინ შეზღუდავს მედიის უფლებას, თუნდაც დამცინოს, დამაბრალოს სიცრუე, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია ჩემზე ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე. ეს პროფესიული სტანდარტის საკითხია და არ არის ხელისუფლების საქმე" - წერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არათუ იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს, არამედ დეკლარირებულად მტრად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს.

"ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით, არეულობით და რეპრესიებით. სწორედ ეს იყო შვიდი ნოემბრის შეცდომა და ამას იმეორებს დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება გაათმაგებული მასშტაბით.

დღეს ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას. პარტიების და პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, ვინც მაშინ იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, დღეს დგას ჩვენს გვერდით და აპროტესტებს ამ ხელისუფლების მიერ ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანას.

ჩვენ აღარ გვინდა შვიდი ნოემბერი, აღარ გვინდა წარსული, ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე. მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი" - წერს გრიგოლ ვაშაძე.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები