არჩევნები 2018

კახიძე: სიღნაღში ჩვენს აქტივისტს სასტიკად სცემეს, ხელისუფლება განზრახ ქმნის ძალადობის ფონს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, გუშინ, სიღნაღში მათ აქტივისტს ბესიკ ლაზარიაშვილს სასტიკად სცემეს. დეპუტატ ოთო კახიძის თქმით, "ეს არის იმ ძალადობის ფონის გაგრძელება, რომელსაც ქართული ოცნება აქტიურად ნერგავს წინასაარჩევნოდ". მან აღნიშნა, რომ დღემდე დაუსჯელები არიან კორცხელის მოძალადეები.

"ასევე, ახლახან ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზეც სერიოზული რეაგირება, დამნაშავეების დასჯა, სახეზე არ გვაქვს. ხელისუფლება განზრახ ქმნის მწვავე დაპირისპირების და მათ შორის, ძალადობის ფონს, რაც არის ძალიან სახიფათო.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს გუშინდელ ფაქტზე. ამავე დროს შეწყვიტოს ძალადობის წახალისება და ყველა ამგვარ შემთხვევაზე მკაცრი რეაგირებით მოახდინოს სამომავლოდ ამგვარი ქმედებების პრევენცია. ჩვენ გვჭირდება არჩევნების მშვიდ პირობებში ჩატარება, რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური დაპირისპირება ისეთ ფონზე, რომ ისედაც დაძაბულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოება კიდევ ძალადობრივ ატმოსფეროში არ მოხვდეს" - თქვა კახიძემ.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს 30 ოქტომბერს დაესხნენ და შტაბის სამი წევრს ხელკეტებით სცემეს. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. 

კომენტარები