რეკლამა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად ატარებს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2018. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი წელს პირველად იმართება, ბიზნესკომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის შეფასებით, ეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ მნიშვნელოვან ინტერესზე მეტყველებს.

კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია 2017-2018 წელს განხორციელებული 76 პროექტით მიიღებს და შეეცდება, წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მოიპოვოს. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გასაკეთებელი პროექტები და ინიციატივები კონკურსის 11 კატეგორიაში წარმოედგინათ, რომელიც CSR-ის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმი, კატეგორიები და პროცედურები CSRDG-მა შეიმუშავა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ესენია: Pontis Foundation, სლოვაკეთი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრიტანეთი; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

"კონკურსში წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ  ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც  მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულშია შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები" - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG),  ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.

კომენტარები