საგამოძიებო კომისიის წევრები ითხოვენ პარლამენტმა შსს-ს რეკომენდაციების შესრულება დაავალოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესრულებას ითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოამზადეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს შსს-ს და მთავარ პროკურატურას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც კომისიამ 2 თვის წინ შეიმუშავა.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაცია მალე შესრულდეს, მათ შორის, მ.კ.-ს მიმართ დევნის და მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყება.

"ეს რეკომენდაციები მრავალი მიმართულებით არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რამდენიმე მალე შესრულდეს. უახლოეს 10 დღეში. რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას და იმ ჩანაწერებმა, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რ ჩვენ მიერ გაკეთებული დასკვნა იყო სწორი. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, პირველ რიგში მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და მერე უკვე მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვაში", - თქვა სერგი კაპანაძემ.

დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ კომისიამ უკვე ორ თვეზე მეტია დაასრულა მუშაობა და მოამზადა დასკვნა, რომელშიც ჩანს ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში, ვინ არ არის დასჯილი, მათ შორის შსს-ს და პროკურატურის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინ აფარებდა ხელს მკვლელებს და ა.შ.

"განვლილი 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლების მხრიდან არ დასჯილა დამატებით არავინ, ვინც მონაწილეობდა მკვლელობაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დასჯილა არავინ, ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს და არასწორი მიმართულებით მოჰყავდა გამოძიება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ ბოლო 2 თვის განმავლობაში მუდმივ შეტევებს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, მუდმივ მცდელობებს, მოახდინონ მისი დისკრედიტირება, პროვოცირება და ვხედავთ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მისთვის ბრალის წაყენება, მიმდინარეობს მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ის ხელისუფლებას მიმართავს, რომ "ამ ჭრილობას" დროის გაწელვით ვერ მოარჩენენ და პარლამენტში რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი, მართლაც მიიღეს თუ არა საზოგადოების სიგნალი.

"მინდა ვუთხრა ამ ხელისუფლებას, ამ ჭრილობას ასეთი გზით და დროში გაწელვით ვერ მოარჩენენ. ამიტომ დღეს, როცა არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ მთელი ოცნების რიტორიკაა, რომ მათ მიიღეს გაკვეთილი და ის სიგნალი, რომელიც მათ უკმაყოფილო ამომრჩეველმა გაუგზავნა, ჩვენ შეგვაქვს პარლამენტში კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი კომისიის რეკომენდაციების შესრულება - მკვლელების და მკვლელების მფარველების დასჯა. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი ქართული ოცნებისთვის - მართლაც მიიღეს საზოგადოების სიგნალი, მიხვდნენ, რას ელოდება მათგან ხალხი, მათ შორის სიმართლის დადგენის სფეროშიც თუ ეს ყველაფერი გახლავთ ისეთი ტყუილი, როგორიც არაერთგზის მოგვისმენია ქართული ოცნებისგან სხვა საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით", - თქვა ბაქრაძემ.

მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს "ევროპული საქართველო" დღესვე დაარეგისტრირებს.

დადგენილების პროექტი

კომენტარები