ხორავას ქუჩის საქმე

გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში "ნებისმიერ დროს" მივიდეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შს მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, პარლამენტში მივიდეს. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე, შს მინისტრს და მთავარ პროკურორს პარლამენტში ევროპული საქართველო იბარებს. 

"ევროპული საქართველო 31 ოქტომბრამდე ითხოვდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას, თუმცა, საარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ვერ მოახერხა მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს“, - აცხადებს შსს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების თქმით, მათ მოამზადეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს შსს-ს და მთავარ პროკურატურას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას კომისიის მიერ 2 თვის წინ შემუშავებული რეკომენდაციების შესასრულებლად. 

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაცია მალე შესრულდეს, მათ შორის, მ.კ.-ს მიმართ დევნის და მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყება.

ევროპული საქართველო პარლამენტში დღესვე დაარეგისტრირებს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი კომისიის რეკომენდაციების შესრულება.

"ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი ქართული ოცნებისთვის - მართლაც მიიღეს საზოგადოების სიგნალი, მიხვდნენ, რას ელოდება მათგან ხალხი, მათ შორის სიმართლის დადგენის სფეროშიც, თუ ეს ყველაფერი გახლავთ ისეთი ტყუილი, როგორიც არაერთგზის მოგვისმენია ქართული ოცნებისგან სხვა საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით", - თქვა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები