ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ღირს, 1 ევრო - 3.24

კოლაჟი ტაბულა

ლარი კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო გაცვლით პუნქტებში განსაკუთრებით გაუფასურდა.

საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2.80 ღირს, TBC ბანკში  2.7990 ლარი, ხოლო ლიბერთი ბანკში - 2.7980 ლარი. დოლარის ღირებულება ოფიციალურ კურსზე მაღალია სავაჭრო გაცვლით პუნქტებშიც - 1 USD-ს შეძენა 2.76-2.77 ლარად შეგიძლიათ.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება TBC ბანკში 3.24 ლარია, საქართველოს ბანკში - 3.23 ლარი, ხოლო ლიბერთი ბანკში - 3.226. სავაჭრო გამცვლელ პუნქტებში კი, 1 ევროს ყიდვა 3.18-3.20 ლარად შეგიძლიათ.

ეროვნული ბანკის დღევანდელი ვაჭრობის მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად კი, ლარი დოლართან მიმართებით 1.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.24 თეთრით. ჯერჯერობით,  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7524 ლარია, ერთი ევროსი კი, 3.1386 ლარი.

თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ვალუტა ამ პერიოდში არაერთხელ გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, თუმცა, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული". ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი".

ამასთან, 6 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ "უსაფუძვლო განცხადებების" გაკეთებისგან. 

კომენტარები