არჩევნები 2018

კალაძე: ჩვენ ვართ გარანტი, რომ ენმ-ის რევანშისტული ზრახვები აღარასდროს განხორციელდება

ქართული ოცნების პრესსამსახური

"გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთკვირიანი მასკარადი, ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე" - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა "დოიჩე ველეს" მისცა. კალაძის მტკიცებით, გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის განვითარების სანაცვლოდ, არეულობის დაწყებას გვპირდება.

"მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას გვპირდება. ყველასათვის ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში",- ამბობს კალაძე. 

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "7 ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს", საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. 

"სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს",- აღნიშნა კალაძემ. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველივე 2-3 თვეში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს შეიწყალებს. 

"მე შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, შევიწყალებ ყველა ქალ პატიმარს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამის გაკეთებას ძალიან სწრაფად ვაპირებ, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში. როგორც იურისტს მინდა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ასეც იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს უფლებას, იცხოვროს აქ. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა შესაძლებლობა, იცხოვროს აქ, თავის სახლში, ყვარელში – ეს არის ის, რაც ჩვენ მის მიმართ გვმართებს",- თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი შს მინისტრმა და პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ არ აპირებს, გრიგოლ ვაშაძეს შეწყალებას სთხოვოს. შეწყალებაზე უარი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამაც თქვა. 

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ის ამბობს, რომ "შესაწყალებელი არაფერი აქვს". გარდა ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. იქამდე კი, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების უფლება არ აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. არჩევნების თარიღი ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები