აშშ-ის შუალედური არჩევნები

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ქალებმა კონგრესში რეკორდული, 98 ადგილი მოიპოვეს

სიუზენ ენტონის სიტყვები "საარჩევნო ბიულეტენით ხელში ქალი ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც საკუთარ ნებას თავად აცხადებს" მის საფლავზე
NY Times

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად ქალები კონგრესში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტ ადგილს დაიკავებენ. ამ დრომდე ქალებს წარმომადგენელთა პალატაში 84 ადგილზე მეტი არასოდეს მოუპოვებიათ, თუმცა ამჯერად, წინასწარი შედეგების მიხედვით ეს რიცხვი უკვე 98-ს აღწევს.

წინაწარი შედეგებით 12 სენატორ ქალთან ერთად კონგრესში ქალების რიცხვი ამ დრომდე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 107-ს გადააჭარბებს.

საერთო ჯამში ამ არჩევნებში კონგრესში ადგილის მოსაპოვებლად 239 ქალი იბრძოდა, მათ შორის 187 დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, ხოლო 52 რესპუბლიკურს.

წინასწარი შედეგების მიხედვით 29 წლის ალექსანდა ოკაზიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი გახდება აშშ-ის ისტორიაში, მინესოტასა და მიჩიგანში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები კონგრესში, ხოლო კანზასსა და ნიუ მექსიკოში პირველი ინდიელი ქალები. შერის დევიდსი, რომელმაც კანზასში გაიმარჯვა, ამასთანავე პირველი ღიად ჰომოსექსუალი ინდიელი ქალი იქნება კონგრესში. ყველა მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებიდან კონგრესში პირველად შევლენ ფერადკანიანი ქალები. ორივე მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

ტენესის შტატის პირველი სენატორი ქალი რესპუბლიკელი მარშა ბლექბერნი გახდა, ხოლო კალიფორნიაში რესპუბლიკელების კანდიდატი იანგ კიმი შესაძლოა პირველი ამერიკულ-კორეული წარმოშობის ქალი გახდეს კონგრესში.

ჯორჯიას შტატში გუბერნატორის პოსტისათვის იბრძოდა დემოკრატი სტეისი აბრამსი, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პირველი ფერადკანიანი გუბერნატორი ქალი გახდებოდა. მას მხარს ბარაკ ობამა და ოპრა უინფრიც უჭერდნენ, თუმცა წინასწარი შედეგებით ხმათა 48.6% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, რესპუბლიკელმა მოქმედმა სენატორმა ბრაიან კემპმა 50.4%. აბრამსის თქმით ის ხმების გადათვლას მოითხოვს.

ხმის მიცემის შემდეგ ნიუ-იორკის შტატის ქალი ამომრჩევნები სტიკერს წარწერით "მე ხმა მივეცი" მეცხრამეტე საუკუნეში ქალების უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტის, სიუზენ ენტონის საფლავზე აკრავდნენ.

საბოლოო ჯამში, წინასწარი შედეგების მიხედვით, დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა.

უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 24 ადგილი დაკარგა, თუმცა სენატში დამატებით 3 ადგილის მოპოვება შეძლო.

კომენტარები