7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აქციაზე მისულ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიკროფონის ნაწილი გადაუგდო. იმ დროს, როცა ჟურნალისტი მას კითხვას უსვამდა, ხაინდრავა მიკროფონს მისწვდა და რუსთავი 2-ის ლოგოიანი ღრუბელი მოხსნა, შემდეგ კი გადააგდო.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს რუსთავი 2 ავრცელებს.
გარდა ამისა, ხაინდრავამ იქვე მყოფ პოლიციას მიმართა.
"ეს უსინდისოები, ეს მოძალადეები იქნება მომაცილოთ".
პოლიცია დაინტერესდა რა იყო მიმართვის საფუძველი და ჰკითხა რეჟისორს, ჟურნალისტი გადაადგილებას ხომ არ უზღუდავდა.
"გადაადგილებასაც მიზღუდავს და საშუალებას არ მაძლევს, რომ ვიცხოვრო", - უთხრა პოლიციას ხაინდრავამ.
ჟურნალისტმა ანა წერეთელმა კი თქვა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და ბიუჯეტის ფულის შესახებ უსვამს კითხვას. რაზეც ხაინდრავამ კვლავ არ უპასუხა.