გიორგი კვირიკაშვილი

დღეს გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, კვირიკაშვილის ფეისბუქ გვერდი კვლავ წაიშალა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. რამდენიმე საათში კი მისი გვერდი აღარ იძებნება.

კვირიკაშვილი წერდა, რომ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ფასეულობები გადასარჩენია.

"მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე, და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას; და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში, და გადასარჩენია მუდმივად. და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში, და არ დაიღლება ჩემშიც, სანამ სული მიდგას", - წერდა კვირიკაშვილი.

ფეისბუქ მომხმარებლები წერენ, რომ ექსპრემიერის გვერდი ფეისბუქიდან მას შემდეგ გაქრა, რაც მის პოსტზე HAHA რეაქციები მოემატა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი კვირიკაშვილის გვერდი ფეისბუქიდან ქრება. მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ Giorgi Kvirikashvili Official მალევე წაიშალა და შესაბამისად, შეუძლებელია ყოფილი პრემიერმინისტრის გვერდზე წარსულში გამოქვეყნებული პოსტების, ვიდეოების თუ ფოტოების ნახვა. 

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში მაშინ უთხრეს, რომ რაც კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, გვერდი მის პირად მართვაში გადავიდა და ადმინისტრაცია ამაზე პასუხისმგებელი აღარ არის. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე აქტიურია კიდევ ერთი ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდი. 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა.

კომენტარები