ქუთაისი

ქუთაისში თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსს ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს

ქუთაისში თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსიდან ამონარიდს, რომელიც ფილაზეა ამოტვიფრული, ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს.

ინფორმაცია facebook-ით ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ქუთაისის მერიაში შეცდომა ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენიეს და მალე გამოსწორების პირობა დადეს. 

ტერენტი გრანელის ლექსის სახელია "აღსარება ქუთაისს":

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,

ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.

ახლა თოვლივით ვილევი მზეზე

და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის

შენი დღეები ამწვანებული.

მოვედი შენთან თბილისის ნისლით

და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,

ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.

და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,

ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ

ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს:

რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,

რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,

და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი.

უამინდობამ მე დამამძიმა

და ისევ მელის გზა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,

მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.

ო, ქუთაისო, ეს მწუხარება

და ეს ტირილი შენ მაპატიე.

კომენტარები