რეკლამა

მეორე ტურის თარიღი კვლავ უცნობია, ცესკო პროცედურებს განმარტავს

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი კვლავ უცნობია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა, არჩევნების თარიღის დანიშვნა პირდაპირ არის მიბმული საკანონმდებლო პროცედურებთან. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებს ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამების ბოლო ვადა 8 ნოემბერი ჰქონდათ, თუმცა მათ უკვე 7 ნოემბერს დაასრულეს საქმიანობა. ანა მიქელაძის თქმით, ახლა არის გასაჩივრების პროცედურები.

"კანონმდებლობის თანახმად, ახლა არის პროცედურები, როცა შესაძლებელია, მაგალითად, გასაჩივრდეს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. მოგეხსენებათ, გასაჩივრებას აქვს შესაბამისი ვადები. მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა საკანონმდებლო ვადა, რაც არის მოცემული, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამართავს სხდომას, სადაც იქნება შეჯამებული არჩევნების შედეგები. მოგეხსენებათ, რომ ცესკოს ამისათვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვს 17 ნოემბერი. მას შემდეგ, რაც ცენტალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს არჩევნების შედეგებს, იქნება დანიშნული მეორე ტურის თარიღი. მეორე ტური კანონმდებლობის თანახმად ინიშნება შედეგების შეჯამებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე. ანუ მეორე ტურის გამართვის თარიღი არის შედეგების შეჯამებიდან მეორე კვირის თავი", - ამბობს ცესკო-ს პრესსპიკერი.

გარდა ამისა, ანა მიქელაძემ ისაუბრა მეორე ტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა და ვადების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი; გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების, მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი.

მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. აღნიშნული პროცედურის გავლა ამომრჩევლებს საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ ელექტრონულად. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოეცემა 12 ნოემბერს.

გარდა ამისა, ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, თუმცა ცვლილება შესაძლებელია კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4-ე დღისა დანიშნონ/შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.

ანა მიქელაძემ თქვა, რომ აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში. მან დაინტერესებულ მხარეებს მიმართა, გაითვალისწინონ ცესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურები და ვადები​.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები