ლარის გაუფასურება

პრემიერი: აუცილებელია ლარიზაციის მაღალი დონე, ამ კუთხით, მეტ აგრესიულ ნაბიჯს გადავდგამთ

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის 6 ნოემბრის განცხადება "საკმაოდ შინაარსიანია და ობიექტურ რეალობას ეყრდნობა". მისი თქმით, არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომაკაში იმისთვის, რომ ლარი გაუფასურდეს.

"შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუწყო" - ამბობს ბახტაძე.

საქართველოს პრემიერის თქმით, მთავრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი.

"პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში ვიყოთ წარმატებულები, ამ თვალსაზრისით, როგორც ეროვნული ბანკის, ისე ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული, ყველაფერი არის იმ ჩარჩოებში, რომელიც შეთანხმებულია" - აცხადებს ბახტაძე.

პრემიერის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია არის გაზრდილი 10%-ზე მეტით, ეს არ არის საკმარისი ჩვენთვის. აუცილებელია, ქვეყანაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე, შესაბამისად, მოწყვლადობა და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაბალანსდეს. ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ აგრესიულ ნაბიჯს გადავდგამთ" - ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერმინისტრის აზრით, ასევე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციები და პოზიცია.

"ისინი უყურებენ ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ მათ განმარტებებში იქნება ძალიან ბევრი ობიექტური ინფორმაცია თუ რეალურად რას უკავშირდება ეს ყველაფერი.

მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომელიც გულისხმობს საქართველოში დოლარიზაციის შემცირებას. ტაბლოს ადამიანები უყურებენ სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკაში არის დოლარიზაციის მაღალი დონე, ეს მათ შორის იყო განპირობებული იმ სრულიად უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია.

ვერც ერთ წარმატებულ ეკონომიკას ვერ ნახავთ, სადაც სხვა ქვეყნის ვალუტას აქვს ასეთი დომინანტი პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში მეტი ლარიზაცია, ინფლაციის მართვა და ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების გაძლიერება, რომელიც პირდაპირ აისახება კურსზე - ეს არის ექსპორტი, ამავე დროს იმ სერვისების ზრდა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით შემოსავლებს. ეს მაჩვენებლები გაზრდილია. ამ არგუმენტებს ეყრდნობოდა ეროვნული ბანკის განმარტება, რომ დღეს არსებული რეალობა და ეს კურსი არ ასახავს იმ მაკროეკონომიკურ ობიექტურ გარემოებას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში" - თქვა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან, ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან. კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო პუნქტებში ერთი დოლარის ღირებულება 2.80-ს აღწევს, ერთი ევროსი - 2.24-ს. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული". ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი".

ამასთან, 6 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ "უსაფუძვლო განცხადებების" გაკეთებისგან. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეტით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის მიზანი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებაა. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს თან სავალუტო რისკიც ახლავს, კურსის მერყეობის შემთხვევაში პირის მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა შესაძლოა მკვეთრადაც შეიცვალოს, რისი მაგალითიც ლარის გაუფასურებაა. 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვით მთავრობა და ეროვნული ბანკი მოსახლეობისთვის აღნიშნული სავალუტო რისკის თავიდან აცილებას ცდილობდნენ, თუმცა აღნიშნულმა რეგულაციამ შეზღუდა კონტრაქტის თავისუფლება, ხელშეკრულება გაფორმდეს იმ ვალუტაში, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს. ცვლილების გამო, მოსახლეობა იძულებულია, აიღოს ლარის სესხი, რომლის განაკვეთიც დოლარის სესხზე ძვირია.

კომენტარები