ლარის კურსი

ფინანსთა მინისტრი: ლარის გაუფასურება ოპოზიციის რიტორიკის და სიბინძურის ბრალია

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ლარის გაუფასურება "ოპოზიციის ბინძური რიტორიკის ბრალია და ამას ეკონომიკური საფუძვლები არ აქვს".  

"დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის აბსოლუტურად არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს, როგორც ვხედავთ. შესაბამისად, იმ არასტაბილურობის განცდით, რაც მოიტანა იმ რიტორიკამ და სიბინძურემ, რასაც ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები. 

ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ამას კავშირი არ აქვს ფისკალურ მდგომარეობასთან, არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან.

როდესაც გამოდიან და ამბობენ, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გამო არისო, ელემენტარული არითმეტიკა არ იციან. უპასუხისმგებლობებია, ამით არის ეს გამოწვეული. 

ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი", - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.75-ია, ანუ ლარი გუშინდელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში 1.51 თეთრით გამყარდა. 

ევროსთან მიმართებაში კი ლარი 3.61 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულება დღეს 3.1766 ლარია. 

თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა დოლართან, ევროსთან, ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებით. 

კომენტარები