ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.61 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.61 თეთრით. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7505 ლარია, ერთი ევროსი - 3.1405 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გამყარდა. 

ცნობისთვის, თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან, ფუნტთან და ლირასთან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული" და "ლარის გაუფასურება ოპოზიციის ბინძური რიტორიკის ბრალია და ამას ეკონომიკური საფუძვლები არ აქვს".  . ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი".

ამასთან, 6 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ "უსაფუძვლო განცხადებების" გაკეთებისგან. 

ეროვნული ბანკის განცხადებას დაეთანხმა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომაკაში იმისთვის, რომ ლარი გაუფასურდეს.

"შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუწყო" - ამბობს ბახტაძე.

კომენტარები