საბჭოთა რეპრესიები

SOV LAB: მერია საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალების განთავსებას გვიკრძალავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, თბილისის მერია საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური ნიშნების განთავსების უფლებას არ აძლევს. 

ორგანიზაციის თქმით, "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისიისიამ" ცალ-ცალკე მემორიალური ნიშნების განთავსება მიზანშეუწონლად მიიჩნია და მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთიანი მემორიალური დაფის განთავსებას. 

მემორიალური ნიშნები სოვლაბის პროექტია, რომელსაც ის ორგანიზაცია "უკანასკნელი მისამართთან" ერთად ახორციელებს. 

ინიციატივის ფარგლებში პირველი ასეთი ნიშნანი 5 ოქტომბერს რუსთველის 37-ში, მელიქ აზარიანცის სახლის ფასადზე განთავსდა, კონსტანტინე ყანდარელის ხსოვნის უკვდავსაყოფად. 

"ამ დაფების გამოჩენა იქნება ხშირად, საკმაოდ უსიამოვნო მწარე, ტრაგიკული, მაგრამ აუცილებელი შეხსენება იმისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს გაიარა. ის ადამიანები იმსახურებენ, რომ მოვიგონოთ და დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ეს, რა კვალი დატოვა ამან ჩვენს საზოგადოებაზე და რა არის ჩვენი ვალი, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ღია დემოკრატიული საზოგადოების, რომ გავიაზროთ, გავიხსენოთ და დავაფასოთ ეს ადამიანები", - თქვა მაშინ ირაკლი ხვადაგნიანმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა. 

"ამ ეტაპზე შემდეგი ნიშნები უკვე დამონტაჟებულია ქალაქ სურამში.

გუშინ მივიღეთ პასუხი "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისიისგან", რომელმაც ფაქტობრივად აგვიკრძალა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური ნიშნების განთავსება ნიკოლაძის ქუჩა #7-ის და დიღომბარის ქუჩის #7 სახლების ფასადზე.

სიტუაციის ტრაგი-კომიკურობას ამძაფრებს ფაქტი, რომ პირველი ნიშანი უკვე განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე, ხოლო აღნიშნული სახლები არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე ნიშნის განთავსებას არქიტექტურის სამსახური განიხილავს ხსნებული "კომისიის" ჩართულობის გარეშე, ელექტრონული წესით და სწორედ მათი ნებართვით განთავსდა პირველი ნიშანი და განთავსდება მომდევნოებიც იმ სახლებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და სადაც ტერორის მსხვერპლი ადამიანები ცხოვრობდნენ.

"კომისიის" გადაწყვეტილება უფლებას გვიტოვებს დავასკვნათ, რომ - ან მას ძალზე დიდი წარმოდგენა აქვს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალიზაციის საკითხებში საკუთარ კომპეტენციაზე (როდესაც ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს ხსოვნის პროექტს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს) ან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - რომ მოქალაქეებმა, უშუალოდ მათ საცხოვრებელ სივრცეში ვერ დააფიქსირონ და გაიაზრონ საბჭოთა ტერორის მასშტაბი.

არაფერს ვამბობთ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, უარი უთხრან რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და შთამომავლებს, თავად გადაწყვიტონ რა ფორმით სურთ მათ მშობლების და წინაპრების ხსოვნის უკვდავყოფა", - აცხადებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები