კრიმინალი

შსს: მარნეულში იარაღის მუქარით გაიტაცეს ჩანთა, სადაც 80 000 ლარის ოქროს სამკაულები იყო

metro.us

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები