თამაზ ახობაძე

ახობაძე ომბუდსმენს: უფლებებს იცავდეთ და თან წულუკიანს არ აწყენინოთ, არ შეიძლება

ტაბულა

თამაზ ახობაძე, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს უზენაეს სასამართლოში სამსახურში აღდგენაზე დავა ორჯერ მოუგო, ომბუდსმენს უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, 3 ოქტომბერს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვა. უწყებას ომბუდსმენისთვის არ უპასუხია და აღსრულების აუცილებლობა მისთვის არც ომბუდსმენს შეუხსენებია. 

თამაზ ახობაძე ამბობს, რომ მის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევენ, მაშინ, როცა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ომბუდსმენი "უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს". 

"მხოლოდ ამ კვირაში 2-ჯერ დავურეკე სახალხო დამცველში ჩემს ქეისზე მომუშავე ადამიანს. არ მიპასუხა.

5-ჯერ დავთაგე სახალხო დამცველის გვერდი და 2-ჯერ თავად სახალხო დამცველი. არანაირი რეაქცია.

ხოდა, პატივცემულო Ombudsman, Nino Lomjaria, მე სახვეწარი არაფერი მაქვს. ორჯერ მაქვს უზენაესი სასამართლო მოგებული უკვე.

ან მითხარით, რომ ჩემი საქმე არაა თქვენთვის საინტერესო, ვერაფერს განსაკუთრებულ უფლების დარღვევას ვერ ხედავთ და ანებებთ თავს;

ან დამანახეთ, რომ მუშაობთ ამ საკითხზე და დააფიქსირეთ პოზიცია იუსტიციის სამინისტროს უპასუხისმგებლობაზე და უკანონობაზე,

ეს ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება, თან უფლებებს იცავდეთ და თან წულუკიანს არ აწყენინოთ არ გამოვა. მართლა არ მინდა რაღაც შეთქმულების თეორიების მჯეროდეს", - წერს ახობაძე. 

თამაზ ახობაძეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარში ასე უპასუხა:

"თამაზ, გამარჯობა! არ ვიცი რა მიზანს ემსახურება თქვენი მხრიდან სახალხო დამცველის, როგორც თქვენ მიმართ უყურადღებო ინსტიტუტის წარმოჩენის მცდელობა. თქვენ საქმეს ყურადღება არ აკლია არც ჩემი, არც ჩემი მოადგილეების, რომლებიც პირადად გესაუბრებიან და გხვდებიან ხოლმე, როცა სურვილი გაქვთ, არც თანამშრომლების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემად წარმოჩენა თქვენი მხრიდან არასწორია. ისევე, როგორც არასწორი და მოულოდნელია ჩვენი პოზიციების, როგორც თქვენ ინტერესებთან კონფლიქტში მყოფი პოზიციების წარმოჩენის მცდელობა, როდესაც პირიქით არის საქმე და აპარატი ბევრს აკეთებს ამ საქმისთვის. რაც შეეხება თქვენ მოთხოვნას, დავაჯარიმოთ ცენტრი, გაცნობებთ, რომ გვაქვს მათთან კომუნიკაცია და როგორც გვეუბნებიან, უახლოეს პერიოდში მოგვაწვდიან პასუხს, რომელიც გეცნობებათ. დაჯარიმება არის ბერკეტი და არა თვითმიზანი, ამიტომ სახალხო დამცველი გამოიყენებს ამ უფლებას ამ და სხვა შემთხვევებში მაშინ, როცა ჩათვლის რომ სხვა ყველა გზა გადაწურულია". 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ახობაძის მიმართ ამ დრომდე არ შეუსრულებია - იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს ახობაძის დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

კომენტარები