შსს

შსს სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა ბაზის შექმნას აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულისთვის დანაშაულის გამკაცრებას აპირებს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი უძღვებოდნენ.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამინისტრო არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

სხვა დეტალები უცნობია, რადგან შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა. შსს-ში ამბობენ, რომ ის შემუშავების პროცესშია.

კომენტარები