ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: ზვიად საბანაძემ პარტია დატოვა, შესაძლოა ქართული ოცნების ფულის გამო

"ევროპულმა საქართველომ" გორის საკრებულოს წევრის, ზვიად საბანაძის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ შესაძლოა ზვიად საბანაძემ ევროპული საქართველო ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დატოვა.

"დღეს გორის საკრებულოს წევრმა, ზვიად საბანაძემ განცხადება გააკეთა და ჩვენი პარტია დატოვა. მისი თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ევროპული საქართველოს მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

როგორც მისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ ბრუსელში დადებული შეთანხმების მიხედვით, ორი პარტია - ჩვენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეორე ტურში გადასულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს. ზვიად საბანაძეს არც ამ შეთანხმების დადებისას, არც პირველი ტურის ღამეს, როდესაც დავით ბაქრაძემ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, საპირისპირო აზრი არ გამოუთქვამს.

უფრო მეტიც, ზვიად საბანაძე პირადად ესწრებოდა პირველი ტურის შემდეგ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც პარტიის ეს გადაწყვეტილება და არჩეული სტრატეგია დეტალურად განვიხილეთ. მას არც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუფიქსირებია განსხვავებული აზრი.

ზვიად საბანაძემ პარტიის ლიდერებს შეატყობინა რომ ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციასთან და დროულად მოახერხა მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება.

დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მან რამდენჯერმე ისაუბრა პარტიის ხელმძღვანელებთან, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ითხოვა დახმარებაც. პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია პირადი ფინანსური პრობლემების მოგვარება როგორც პარტიის წევრებისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვისაც.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ახლობლების დახმარებით უკავშირდებიან ჩვენს აქტივისტებს და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ სთხოვენ ჩვენი პარტიის დატოვებას. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით სწორედ მსგავსი მოხდა ზვიად საბანაძის შემთხვევაშიც.

თუ ეს ამბავი დადასტურდა, კიდევ ერთხელ გახდება ცხადი თუ რამდენად უღირს და უკანონო მეთოდებს იყენებს არჩევნების მოსაგებად ქართული ოცნება. თუმცა ცხადია რომ როგორც პირველ ტურში ვერ უშველა მათ ამ მეთოდების გამოყენებამ და მარცხი იწვნიეს, იგივე მოხდება მეორე ტურშიც", - წერია განცხადებაში.

კომენტარები