არჩევნები 2018

ოცნება ენმ-ს მმართველი გუნდის სახელით ემიგრანტების მოტყუებაში ადანაშაულებს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიზანმიმართულ მოტყუებაში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ არჩევნების დისკრედიტაციას „ყალბი მტკიცებულებების შექმნით“ ცდილობს და ემიგრანტებს, ქართული ოცნების სახელით, ხმის სანაცვლოდ დახმარებას ჰპირდება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ თქვა, რომ ენმ-მ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შექმნა „სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები“. ქაცარავას მტკიცებით, მათი მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოებისა და საელჩოების სახელით უკავშირდებიან და ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.

„ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. აღნიშნული დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ. ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ“, - თქვა სოფიო ქაცარავამ.

ამასთან, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ემიგრანტებს სთხოვა, „გადაამოწმონ მსგავსი ინფორმაცია“ და მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში საქართველოს სალჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამ ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია. 

კომენტარები