არჩევნები 2018

განცხადებები ომზე - "ძალა ერთობაშია" ქართული ოცნების ცრუ ინფორმაციის ახალ ტალღაზე საუბრობს

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ „ფეიკ ნიუსების“ ახალი ტალღა წამოიწყო, რომლის მიზანი სალომე ზურაბიშვილის და რუსეთთან ომზე მისი განცხადებების „გაპრავებაა“.

გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ შტაბში ასე Facebook-ზე პროსახელისუფლო გვერდების მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურნენ.

ვიდეოში წარმოდგენილია ნაწყვეტი 2008 წელს შექმნილი აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან. ვიდეოს გამავრცელებლის მიზანია, დაარწმუნოს მნახველები, თითქოსდა იმჟამინდელი პრეზიდენტი ამბობდა, რომ საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო:

„ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, იმისათვის, რომ აგვეყანა კონტროლქვეშ ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.“ - ამბობს სააკაშვილი გავრცელებულ ფრაგმენტში.

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე ჩანაწერის ვრცელი ვერსია დადო, სადაც ჩანს, რომ მისი ნათქვამის კონტექსტი საპირისპირო იყო. ვრცელ ვიდეოში სააკაშვილი იმაზე საუბრობს, როგორ ცდილობდა საქართველო ომის თავიდან არიდებას და ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. ის ყვება, როგორ უძღოდა ამას წინ როკის გვირაბთან რუსეთის არმიის მობილიზება და საქართველოს საზღვრის გამოკვეთა, სოფლების ინტენსიური დაბომბვა და სხვა:


"მიხეილ სააკაშვილის მთელი განცხადება არის, პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე, თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. მაგრამ ახლა, ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვაა შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს ქართული ოცნება და ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმში გადასული ტელეკომპანია იმედი" - თქვა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ადამიანი, ვის სიტყვებსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ, სალომე ზურაბიშვილია და ხელისუფლებას მისი განცხადებების "გაპრავება" სურს.

„ხალხი ბნელი არ არის და ყველა კარგად მოისმენს, ვინ რა ამბობს“, - ამბობს ვაშაძე.

კომენტარები