კალაძე სარალიძის აქციის გადატანაზე: უამრავი ადამიანი მოდის, ვინმემ პროვოკაცია არ მოაწყოს

დედაქალაქის მერის თქმით, მერია ზაზა სარალიძეს კარვის დადგმას არ უკრძალავს და მას არც ამის უფლება აქვს. კალაძე ამბობს, რომ რადგან პარლამენტთან ბევრი ხალხი იქნება, შესაძლო პროვოკაციების ან დაპირისპირების გაკონტროლება რთული იქნება და მას არ სურს, ეს მოხდეს.

თბილისის მერი ასე მერიის მხრიდან ზაზა სარალიძისთვის 7 დეკემბრიდან აქციის ადგილმდებარეობის შეცვლის მოთხოვნას გამოეხმაურა:

„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არა გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა და ამაზრზენიც შეიძლება ითქვას, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ იმ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან გუშინდელი ჩემი განცხადების ინტერპრეტაციას. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვის ხით ... მე არ მინდა ეს რაღაც დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის, ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია არ მოაწყოს, ჩვენ ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება სტაბილურობა“, - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტების კითხვას, რა მოხდება შემდგომ, იქიდან გამომდინარე, რომ სარალიძე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, კალაძე პასუხობს, რომ „დრო კიდევ არის“.

„მაგას მოგახსენებთ, დრო არის კიდევ. რატომ ჩქარობთ, რატომ ნერვიულობთ.ჯერ წინ არჩევნებია, არჩევნებისთვის მიდის მზადება, საარჩევნო კამპანიაა“, - ამბობს თბილისის მერი.

აქციის გაგრძელებისა და კარვების განთავსების შესახებ ზაზა სარალიძემ მერიას 1 ნოემბერს მიმართა. საპასუხოდ კი მიიღო წერილი, რომ 7 დეკემბრიდან ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

კომენტარები