არჩევნები 2018

კალაძე 2008 წლის ომზე: პირდაპირ ამბობს სააკაშვილი, რაც გააკეთა

ქართული ოცნების პრესსამსახური

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო, სადაც სააკაშვილი 2008 წლის ომზე ლაპარაკობს, მმართველი გუნდის წევრებს იმის დასტურად მოჰყავთ, რომ რუსეთთან ომზე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა პასუხიმგებელი:

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „პირდაპირ ამბობს, რაც გააკეთა“:

„მგონი, სიახლე არ იყო. ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რა იყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია – დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, - ამბობს კალაძე.

მმართველი გუნდის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საქართველო „პროვოკაციას აყვა და დაიწყო საომარი მოქმედებები, როცა ეს საჭირო არ იყო“:

„არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არც სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს. შეიძლება მან ეს სხვა სიტყვებით თქვა, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ, მაგრამ მთავარი აზრი იყო ყოველთვის ის, რომ ხაზი ესმებოდა პრეზიდენტის და მისი გარემოცვის პასუხიმსგებლობას, რომ ისინი აყვნენ ამ პროვოკაციას და დაიწყეს გარკვეული საომარი მოქმედებები მაშინ, როდესაც ამის დაწყება საჭირო არ იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთის აგრესია, პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ მაშინ ავყევით“, - ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე

საგარეო საქმეთა მინისტრმა კი 9 ნოემბერს თქვა, რომ გავრცელებული ვიდეო ხელისუფლების პასუხისმგებლობას „კიევ უფრო ამძიმებს“:

„ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და წინა ხელისუფლების უპასუხიმგებლო ქმედებისა, ის ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო, აეცილებინა ეს მძიმე შედეგები“, - თქვა დავით ზალკანიანმა.

საუბარია პროსამთავრობო გვერდების მიერ გარცელებულ ვიდეოზე, რომლის მიზანია, მნახველები დაარწმუნოს, თითქოსდა სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო.

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე ჩანაწერის ვრცელი ვერსია დადო, სადაც ჩანს, რომ მისი ნათქვამის კონტექსტი საპირისპირო იყო. ვრცელ ვიდეოში სააკაშვილი იმაზე საუბრობს, როგორ ცდილობდა საქართველო ომის თავიდან არიდებას და ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. 

გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" ამბობენ, რომ ვიდეოს ამ ფორმით გავრცელება და გამოყენება წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ომზე გაკეთებული განცხადებების გასაბალითებლად მოხდა.

უფრო დაწვრილებით გავრცელებული ვიდეოსა და მისი ვრცელი ვერსიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები