ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: ზურაბიშვილს ხომ უნდა ჩვენი პრეზიდენტობა? მოვიდეს და დაგვეხმაროს

ზაზა სარალიძე

მანამ, სანამ ზაზა სარალიძეს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ კარვის გაშლაში დახმარება ქართული ოცნების მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სთხოვა.

"მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩვენთვის კანონით და კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს, ხომ უნდა პრეზიდენტობა? რომ ჩვენი პრეზიდენტო გახდეს? მოვიდეს, ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ კარვის გაშლის უფლება გაგვაჩნია, დროებით კარავზეა საუბარი. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს, გაგვაშლევინოს, ხომ უნდა ჩვენი სარდლობა, მოვიდეს, დაგვეხმაროს და გაგვაშლევინოს" - თქვა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს NGO-ების ორგანიზებით, აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გაიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა. ამის ამსახველი ვიდეო ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ის ზაზა სარალიძის საკითხს არ გამოხმაურებია.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს და რუსთაველის გამზირზე ოცამდე კარავი გაშალეს. კლინიკიდან აქციაზე დაბრუნდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედაც.

კომენტარები