ევრომაიდანი

ევრომაიდანი 5 წლის წინ - ნაძვის ხის დასადგამად დარბეული აქცია, რომელიც რევოლუციით დასრულდა

Medium

5 წლის წინ, ნოემბერის ბოლოს უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც რევოლუციაში გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეების დაშლა რამდენჯერმე სცადა და მიზეზად დედაქალაქის მთავარი მოედნის საახალწლოდ მოწყობა და ნაძვის ხის დადგმა დაასახელა.

ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია:

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იმავე საღამოს მაიდანზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის მიუხედავად მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.

პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.

23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხეს ევრომადინის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და შესაბამისად არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.

28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედანის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.

პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500,000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.

კომენტარები