სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

რა ეტაპზეა ICC-ს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება - რატომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას

hrw

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სამი წელია მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიება. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Justice International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა ჯეირანაშვილმა ტაბულასთან საუბარში თქვა, პროცესი ახალ ფაზაში შედის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიურობა, რასაც, მისი თქმით, ვერ ხედავს.

ტაბულასთან  საუბარში მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა განმარტა და ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ პროცესისადმი გამოვლენილ უყურადღებობაზე, მზაობის ნაკლებობაზე და ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მნიშვნელობაზე:

“არის რაღაცები, რაზეც ვერ ვისაუბრებ სასამართლოსთან დადებული კონფიდეციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე. თუმცა, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, სამი წელია დაიწყო გამოძიება და ძალიან იგნორირებულია მთავრობის მხრიდან, დაწყებული იმით, რომ საერთოდ წარმომადგენლი არ გვყავს ჩვენ. ჰააგაში არ არის ადამიანი, ვინც ყოველღიურ რეჟიმში იმუშავებდა ამ საკითხებზე. არის ზოგადად იუსტიციის სამინისტოსგან ოფიციალური წარმომადგენელი, ბექა ადამაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, რომლებიც მუშაობენ ზოგადად ამ საკითხებზე. ისინი ჩამოდიან ხოლმე წელიწადში ერთხელ, წელიწადში ორჯერ ჰააგაში და ნამდვილად ვერ დავუკარგავთ მათ, აქტიურობენ ისინი. მაგრამ, მათ გარდა, ადამიანი, ვინც იქ იჯდებოდა და იმუშავებდა ყოველდღიურ რეჟიმში არ გვყავს სამწუხაროდ.

მან ასევე განმარტა, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და რა მიმართულებით უნდა იმუშავოს საქართველომ:

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ძალიან სპეციფიური სასამართლოა, რასაც სჭირდება მართლა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. აქ არის პეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შედგება დიპლომატებისგან, ამ სასამართლოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ძირითადად ესენი არიან ელჩები, საელჩოს წარმომადგენლები, მაღალი რანგის იურისტები, ან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და იქ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს არავინ, ვინც ამ ჯგუფებში მიიღებდა მონაწილეობას, ჩართული იქნებოდა და ძალიან ბევრ სერიოზული გადაწყვეტილების პროცესში თავის სიტყვას იტყოდა. მე ახლა ვარ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ამიტომ ვესწრები ხოლმე ამ შეხვდრებს მაგრამ მე არ მაქვს ხმის უფლება, როდესაც რაიმე საკითხების გადაწყვეტის დრო დგება. ეს ძალიან მოქმედებს, იგივე ბიუჯეტის დადგენაზე საქართველოს სიტუაციის გამოძიებაზე. მაგალითად, რა თანხები უნდა იყოს გამოყოფილი სასამართლოს ბიუჯეტიდან გამომძიებლებისთვის, რამდენი გამომძიებელი უნდა ჩამოვიდეს, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფებში გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი."

ნიკა ჯეირანაშვილის თქმით პროცესი ახალ ფაზაში გადადის, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა:

"სამი წელია ვლაპარაკობ და ვეხვეწები მთავრობას, რომ იქნებ რაღაც ყურადღება მიაქციონ. სამწუხაროდ ვერ დავინახე ამ სამი წლის განმავლობაში ვერანაირი ყურადღება. გამოძიება შევიდა ისეთ ფაზაში უკვე, რომ საკმაოდ ბევრი მასალა აქვს მოგროვებული სასამართლოს და უკვე შემდეგი ეტაპის პირას ვართ. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ სასამართლომ უკვე კონკრეტული პირების წინააღმდეგ უნდა გამოსცეს დაკავების ორდერები ან სასამართლოში დაბარების უწყებები. ამ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით სასამართლოს მოსამართლეები გამოსცემენ დაკავების ორდერებს კონკრეტულ პირებზე და მოსთხოვენ ქვეყნებს, ვისი მოქალაქეებიც არიან ეს ადამიანები, რომ ეს ადამიანი გადასცენ. როგორც სასამართლოს წევრი ქვეყანა ვალდებული ხარ გადასცე ეს ადამიანი."

ის განმარტავს იმ პრობლემებსაც, რაც სასამართლოს მხრიდან სამართლის აღრსულებას უკავშირდება. ეს არის რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმა და რომის სტატუტზე ხელმოწერის უკან გაწვევა:

"პრობლემა იმაშია, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, არ არის სასამართლოს წევრი სახელმწიფო. მათ ხელი ჰქონდათ მოწერილი რომის სტატუტზე და სულ ცოტა ხნის წინ ეს ხელმოწერაც უკან გაიწვიეს და ამბობენ, რომ არ ითანამშრომლებენ.

რას ნიშნავს ეს?

როდესაც გამოიცემა დაკავების ორდერები ქართველების წინააღმდეგ, ოსების წინააღმდეგ და რუსების წინააღმდეგ, რუსეთი უბრალოდ არ აღასრულებს ამ დაკავების ორდერებს, ანუ არ გადასცემს ამ პირებს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი წინ ვერ წავა, პროცესი ვერ წარიმართება ამ ადამიანების დაუსწრებლად, შესაბამისად, პროცესი საერთოდ არ დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საქართველო ვალდებული იქნება დააკავოს ეს ადამიანები და წაიყვანოს ჰააგაში რომ გაიმართოს სასამართლო პროცესი.

რუსეთი ყოველ ჯერზე ამბობს რომ არ ითანამშრომლებს და არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი გადასცემს თავის მოქალაქეებს სამხედრო-პოლიტიკურ პირებს თუ სხვებს ჰააგის სასამართლოს და ჰააგის სასამართლოსაც არ ჰყავს თავისი ჯარი ან პოლიცია რომ დააკავოს ეს ადამიანები. ჩათვალეთ, რომ ფაქტიურად ხელშეუხებლები რჩებიან ეს ადამიანები." ამბობს ის.

ნიკა ჯეირანაშვილი განმარტავს იმასაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი საქართველოსათვის და რისთვის უნდა იყოს ქვეყნის მთავრობა მზად:

"ფაქტიურად ისე გამოვა, რომ საქართველო დაისჯება, იმიტომ, რომ მხოლოდ ქართველები იქნებიან დაკავებულები. ამ საკითხებზე სამწუხაროდ მე ვერ დავინახე მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ელემენტარულად მომავალი პროცესებისთვის მოემზადონ. იმ ადამიანებს ვისზეც გაიცემა ორდერები მინიმუმ ხომ დაცვა დასჭირდებათ. ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან, რომ ამაზე რაიმე მზადება იყოს. მაგალითად არ არსებობს, ქართველი ადვოკატი, რომელსაც დღეს უფლება აქვს, რომ სასამართლოში წარსდგეს ადვოკატად. სასამართლოს სპეციალური სია აქვს გამოქვეყნებული ადვოკატების და ამ სიაში ერთ ქართველსაც ვერ ნახავთ. როდესაც ქვეყანა ელოდება, რომ საკუთარი სამხედროების წინააღმდეგ, პოლიტიკური პირების წინააღმდეგ ძალიან მალე გაიცემა დაკავების ორდერები, მინიმუმ იმისთვის მაინც უნდა ემზადებოდეს, რომ ეს ადამიანები დაიცვას სასამართლოში, ნებისმიერი პირი, იქნება ეს სამხედრო, სამოქალაქო, პოლიტიკური პირი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე ფორმით შეიძლება ბრალი მიუძღვოდეს დანაშაულებების ჩადენაში, ან ბრძანებების გაცემაში, რამაც გამოიწვია დანაშაულების ჩადენა.

აქ ძირითადად რამდენიმე ტიპის დარღვევებზე საუბრობს სასამართლო კონკრეტულად ქართული მხარის ნაწილში. ეს არის თავდასხმები ე.წ. სამშვიდობოებზე, მაგ ნაწილში ედავება ქართულ მხარეს სასამართლო, რომ მოხდა იქ თავდასხმა, სავარაუდოდ, ჯერ კონკრეტულად მასალები რა არის ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის გარდა არავინ არ იცის, იმიტომ, რომ კონფიდენციალურია. მეორე არის დაბომბვების დროს გამოყენებული კასეტური ბომბები.

ანალოგიურად შეიძლება ვივარაუდოთ რომ იქნება ოსეთის მხარესაც და რუსეთის მხარესაც, უბრალოდ, როგორც ვთქვი, აღსრულების დროს დადგება პრობლემა, როდესაც გაიცემა ორდერები." თქვა მან.

ნიკა ჯეირანაშვილის თქმით ის ცდილობს ინფორმაცია მიაწოდოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქართველოს მთავრობაში, თუმცა მათი მხრიდან დაინტერესება არ არის:

ვცდილობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, იუსტიციის სამინისტროს, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, ავუხსნა რა ხდება ადგილზე, იმიტომ, რომ არ იციან, არ ჰყავთ წარმომადგენელი, ერთადერთი ადამიანი ვარ მე, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჰააგაში ამაზე მუშაობს და მე მთავრობის წარმომადგენელი არ ვარ. სამწუხაროდ არ აქვთ ინფორმაცია რა ხდება ადგილზე. სასამართლოს თავისი სპეციფიკა აქვს, სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფები არიან შიგნით სასამართლოში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ლობირებენ და ჩვენ სამწუხაროდ არავინ არ გვყავს და როდესაც მე ვცდილობ, რომ სულ მცირე ინფორმაციის სახით მივიტანო ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და ავუხსნა რა სიტუაციაა, რას შეიძლება მოველოდეთ, რაში გვჭირდება დახმარება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, 0-ის ტოლია მათ ინტერესი, არც ერთი მათგანი არ შემხვდა, ბევრს მივწერე ჩამოსვლამდეც, გაცილებით ადრეც." ამბობს ის.

მან ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზეც, და პროცესის მიმდინარეობისას მათ მნიშვნელობაზე:

"წელს შეიცვალა სიტუაცია, დაიძაბა და უკვე იქითკენ მიდის , რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მართლა საქართველოზე გადატყდეს ეს ჯოხი. თავიდან მეგონა რომ უბრალოდ ვერ ხვდებიან რა პროცესები მიმდინარეობს და რამდენად სერიოზულია. უკვე სამი წელი გავიდა და თან პარალელურ რეჟიმში გვესმის ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური პირებისგან, იქნება ეს პრეზიდენტობის კანდიდატი რომელსაც მხარს უჭერს მმართველი გუნდი. ესეც თავიდან იმას მივაწერე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია და ამიტომ ამბობენ ასეთ რაღაცებს, და რაღაც მომენტში იუსტიციის მინისტრმაც მოუწოდა მხარეებს, რომ იქნებ ცოტა თავი შეიკავოთო, მაგრამ მერე ვხედავთ, რომ ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, უშიშროების კომიტეტის მხრიდან, ბატონი სესიაშვილისგან, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან განცხადებები, რომელშიც ზუსტად იმ ნაწილში, რაზეც ედავებიან ქართველ სამხედროებს, ზუსტად იმაში, რაშიც შეიძლება, ქართველი სამხედროები და პოლიტიკური პირები იქნან გასამართელბული, ზუსტად ამასთან დაკავშირებით გამოდიან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ. სულ მცირე, შეუძლიათ, რომ დაიბარონ ეს ხალხი და თუნდაც მოწმის სახით დაკითხონ და ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს იურიდიულად და ამ განცხადებებზე დაყრდნობით დაიჭერს, მაგრამ წარმოიდგინეთ პოლიტიკურად რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს სასამართლო პროცესს, სადაც, სიტყვაზე, დაჭერილია ქართველი გენერალი, გამოსულია ჰააგის სასამართლოს წინაშე, უწევს ამტკიცოს თავისი სიმართლე და ამ დროს, მეორე მხარეს მოწმის სახით გამოყავთ, სიტყვაზე, პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები და იმოწმებენ მათ იმაში, რაზეც ედავებიან ქართულ მხარეს." ამბობს ის.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნიკა ჯეირანაშვილმა საკუთარ facebook გვერდზე ამ თემაზე სტატუსიც გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს, რომ საქართველოს მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ჰააგაში ქართველები დაიჭირონ:

"ჩემი აქ ყოფნის ერთი კვირა რომ მოკლედ შევაჯამო, მთელი სახელმწიფო მანქანა იმისკენაა მომართული, რომ ჰააგაში ქართველები დაიჭირონ, იქნება ეს მიშა, გრიშა, თუ ნებისმიერი სხვა, სამხედრო, თუ სამოქალაქო პირი; ამით კი იმედოვნებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას საბოლოოდ ამოძირკვავენ და ქვეყანას რა მოუვა, შეიარაღებულ ძალებს, დაზარალებულ მოსახლეობას - ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ადრე მეგონა რუსებს ვებრძოდი და ეხლა უკვე ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი. ხოდა რა გითხრათ აბა - ფსიქო დელია დელია დელია, დელია დელია და"

კომენტარები