არჩევნები 2018

შსს: ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, 10 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით მას და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფით ემუქრებიან.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების  შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ", - ამბობს ვლადიმერ ბორცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მუქარას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით მუქარის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

ზურაბიშვილმა ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ მომხდარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარის ავტორებთან ერთად ისინიც გაიზიარებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას.

"მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ რომ ჩემი პირველი მიმართავ გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე, იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხიმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება ამ მოჰყვება." - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები