კოსოვო

კოსოვოს პრეზიდენტი: პუტინმა მითხრა, რომ თუ სერბეთთან შეთანხმებას მივაღწევთ, მხარს დაუჭერს

ვლადიმირ პუტინი და ჰაშიმ ტაჩი
Twitter

კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი საუკუნის გასვლის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მან ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"პარიზში შევხვდეი პრეზიდენტ პუტინს. ყურადრება გავამახვილეთ ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის კოსოვოსა და სერბეთს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე, რათა შედგეს ყოვლისმომცველი შეთანხმება. ამ თემაზე პრეზიდენტ პუტინის პოზიცია ნათელია: "თუ თქვენ (კოსოვო და სერბეთი) მიაღწევთ მშვიდობიან შეთანხმებას, რუსეთი მას მხარს დაუჭერს.""

შეგახსენებთ, რომ სერბეთისაგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას ამ დრომდე არ ცნობს.

მიმდინარე წლის ზაფხულში ჰაშიმ ტაჩიმ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა წამოაყენეს ეთნიკური ნიშნით ტერიტორიების გაცვლის ინიციატივა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

საუბარი იყო პრეშევოს ველის, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში შედის და უმეტესად ეთნიკურად ალბანელებითაა დასახლებული კოსოვოს კონტროლის ქვეშ არსებული მიტროვიცას ჩრდილოეთ ნაწილში გაცვლაში, რომელიც უმეტესად ეთნიკურად სერბებითაა დასახლებული.

ეს იდეა გააკრიტიკეს ევროკავშირიდან, სადაც ამბობდნენ, რომ ეს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გაღვივებას გამოიწვევს, თუმცა მას მხარს უჭერდა აშშ-ის ადმინისტრაცია. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ თუ კოსოვო და სერბეთი შეთანხმებას მიაღწევენ აშშ ამას წინ არ აღუდგება.

მიმდინარე თვეს ჰაშიმ ტაჩიმ განმარტა, რომ სერბეთთან საზღვრების დადგენაზე აპირებენ მუშაობას ისევე, როგორც ეს მოხდა მაკედონიასთან და ეს ეთნიკური ხაზების მიხედვით არ მოხდება.

"კოსოვო დარჩება მულტი-ეთნიკურად, ისევე როგორც სერბეთი. მოსახლეობის გადასახლება არ მოხდება. შეთანხმების წყალობით რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდება." თქვა მან.

ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას 113 სახელმწიფო აღიარებს, ხოლო არ აღიარებს 78 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და საქართველო.

კომენტარები