ნეიროფსიქოლოგია

ძველი ბერძნების ჰალუცინაციები და მეს ნეიროფსიქოლოგია - ინტერვიუ პოლ ბროკსთან

0 კომენტარი
პოლ ბროკსი

პოლ ბროკსი კლინიცისტი ნეიროფსიქოლოგი და მწერალია. მან ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება კლინიკურ ფსიქოლოგიაში, რის შემდეგაც კვლევის და საექიმო პრაქტიკის მიმართულებად ნეიროფსიქოლოგია აირჩია. პოლ ბროკსი მუშაობდა წმინდა ჯეიმსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ჰალემშირის სამეფო საავადმყოფოში, ასევე შეფილდის და ბრედფორდის საავადმყოფოებში და იყო ფარმაკოლოგიური კომპანია “Merck, Sharp & Dohme”-ს მკვლევარი.

პოლ ბროკსს შეფილდის, ბირმინგემის და პლიმუთის უნივერსიტეტების პროფესორ ემერიტუსის წოდება აქვს. იგი წერს სამეცნიერო სტატიებს ჟურნალებისთვის NeuroReport, Cognitive Neuropsychiatry, Neuropsychologia, Behavioural Neurology. იგი იყო სვეტების ავტორი Prospect Magazine-ში. პოლ ბროკსის შემოქმედების შესახებ წერენ "The Times," "The Sunday Times," "Daily Telegraph," და "The Guardian."

პოლ ბროკსის ორი წიგნის ავტორია: "მდუმარე მიწაზე: მოგზაურობა ნეიროფსიქოლოგიაში" და "რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშაა ვარსკვლავები: ნეიროფსიქოლოგის ოდისეა ცნობიერებაში".  მისი წიგნები განსაკუთრებით საინტერესოა და მრავალ კითხვას ბადებს.  მე მას ბოლო წიგნის შესახებ მხოლოდ ექვსი კითხვით მივმართე. გთავაზობთ პოლ ბროკსის საპასუხო წერილს, რომელიც მან დიდსულოვნად გამომიგზავნა:

ძვირფასო ზაზა,

გმადლობ შენი ძალიან საინტერესო კითხვებისთვის. ვისიამოვნე პასუხების ერთად დალაგებით. ახლა რომ ვკითხულობ, ვხედავ, ზოგიერთი საკითხი უფრო მკაფიო/სახალისო შეიძლებოდა გამეხადა და სხვა რაღაცებიც მეთქვა, მაგრამ გიგზავნი ჩემს პასუხებს ასე, როგორც გამომივიდა. გთხოვ, მომმართე ნებისმიერი დამატებითი კითხვით, რომელიც შესაძლოა გქონდეს, და ასევე - განმარტებების, გამარტივებების ან სხვაგვარი სახეცვლილებებისთვის.

მოდი, წინასწარ ასე დავიზღვიოთ თავი… შენს კითხვებში ყურადღება გამახვილებულია ნეიროფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ საკითხებზე. ეს საკმაოდ სამართლიანია, რადგან მე ასეთ რაღაცებზე ვწერდი! დაავადების შემთხვევებს და ფილოსოფიურ თემებს მე სერიოზულად და გულდასმით ვეკიდები (იმედი მაქვს!). მაგრამ "რაც უფრო ბნელია ღამე" არაა აკადემიური ნაშრომი და მე არ მიმაჩნია, რომ ნამდვილი ავტორიტეტი ვარ, როცა საქმე ფილოსოფიურ საკითხებს ეხება. ჩემი ფილოსოფიური ნააზრევი საქმეში ჩახედული მოყვარულისაა. შეიძლება ითქვას, ხმამაღლა ვფიქრობ. მე არ ვეძებ გადაჭრით პასუხებს არაფერზე და არ მგონია რომ ასეთებს ვიპოვი. ნეიროფსიქოლოგია და ფილოსოფია უნდა განვიხილოთ წიგნის უფრო ფართო კონტექსტში, რაც, ზოგადად რომ ვთქვათ, დაქვრივების, გლოვის და განახლების ნარატივია, რომელიც გამოიხატება მითოლოგიურ ამბებსა და ავტორის ფანტაზიის რამდენიმე ნაყოფში ისევე, როგორც კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიურ შემთხვევებში და ფილოსოფიურ ექსკურსებში. წიგნის ქვესათაურია “ნეიროფსიქოლოგის ოდისეა” და ის მართლაც რაღაცნაირი ოდისეაა, მოგზაურობაა ტვინის დარღვევების უცნაურ რეალობებში, ფსიქოზის ანომალიურ და შემაშფოთებელ რეალობებში, სიზმრების და წარმოსახვის იატაკქვეშეთში, და გზად ის ურჩხულებს და ღმერთებს აწყდება. ეს პირადი ოდისეაცაა კაცის შესახებ, რომელიც ცოლის სიკვდილზე ფიქრობს. მკითხველებმა ეს უფრო ფართო კონტექსტი უნდა იცოდნენ, რადგან არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ წიგნი, პირველ რიგში ცნობიერების და მეს ნეიროფსიქოლოგიაზეა დაწერილი. (თუმცა, ამის შესახებაცაა.)

ამრიგად, შეკითხვები….

შეგიძლიათ მოიტანოთ ნეიროფსიქოლოგიური არგუმენტები და მტკიცებულებები უწყვეტი, უცვლელი (immutable) შინაგანი მეს არსებობის წინააღმდეგ?

ჩვენს თავზე ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ერთეულოვან (singular) ცნობიერ არსებაზე, რომელიც არსებითად ერთსა და იმავედ რჩება წუთიდან წუთამდე, დღიდან დღემდე, სიცოცხლის განმავლობაში. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ეს მე ტვინშია რაღაცნაირად განლაგებული, რადგან ტვინი გონების ორგანოა. ეს არის ბუნებრივი, ინტუიციური თვალსაზრისი. მაგრამ რთულია ტვინის ფუნქციონირების შესახებ ცნობილ ფაქტებთან შეათავსო იდეა, რომლის თანახმად ტვინი შეიცავს თვითობის (selfhood) ძირითად ბირთვს - დამკვირვებელ მეს, განცდების განმცდელს, რომელიც ქმედებებს აკონტროლებს (თავისუფალი ნების მეშვეობით). მენტალური ოპერაციები, რომლებიც მეს აღქმას უდევს საფუძვლად - გრძნობები, აზრები, მოგონებები - მათი თანხვედრის განსაკუთრებული ადგილის გარეშეა ტვინში გაბნეული. სხვა თვალსაზრისი, რომელიც ფილოსოფოსმა დევიდ ჰიუმმა ჩამოაყალიბა, მაგრამ რომელსაც ფესვები ბუდისტურ ფილოსოფიაში აქვს, ამბობს, რომ უბრალოდ არ არსებობს პიროვნულობის უცვლელი, ცენტრალური ბირთვი, სულ მცირე, ისეთი მაინც არ არსებობს, რომელიც ტვინის შიგნითაა მოთავსებული. არამედ ხელთ გვაქვს მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული განცდები და ქმედებები, რომლებიც დღეებს და წლებს გასდევს ცენტრალური “მფლობელის” გარეშე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნეიროფსიქოლოგიური თვალსაზრისით მე უშინაარსო კონსტრუქციაა? არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო თეორია განვითარდა.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება “ბირთვ მე”-ს (core self) და “ნარატიულ მე”-ს (narrative self) შორის. “ბირთვი მე” აწმყოში  სხეულის მქონე (embodied) მეა . ის გამჭვირვალე ერთეულია და გრძნობადი აღქმის და ქცევის ნაკადში, მომენტიდან მომენტამდე, ფორმას იცვლის. ბირთვი მე წარმოიქმნება ტვინის ღეროს, წინა ტვინის ქვემო ნაწილის და ქერქული სისტემების ურთიერთქმედებით. ის გვაძლევს ათვლის წერტილს (point of view) და მოქმედების სუბიექტად ყოფნის განცდას (sense of agency). ამ დონეზე სიმწყობრე (coherence) აუცილებელია სტაბილური პიროვნული იდენტობის განვითარებისთვის. მისგან საპირისპიროდ ნარატიული მე დროშია განვრცობილი. ის ქმნის გრძნობას, რომ ჩვენ ვართ მწყობრი , უწყვეტი არსებები, რომლებიც მოგზაურობენ დამახსოვრებული წარსულიდან განჭვრეტადი მომავლისკენ. ნარატიული მე ეყრდნობა განვითარებულ ქერქულ სტრუქტურებს ენისა და გრძელვადიანი მეხსიერების სისტემების ჩათვლით და იგი არსებითად ამბების თხრობითაა დაკავებული. ამ დონეზე თითოეული ჩვენგანი ამბების ქსლისგან შედგება. მაგრამ ეს არის არა იმდენად  ჩვენ მიერ ამბების შეთხზვის, რამდენადაც ამბების მიერ ჩვენი შეთხზვის საკითხი.

ნარატიული მეს ემუქრება ის ნევროლოგიური დაზიანებები, რომლებიც ენის და მეხსიერების სისტემებს ვნებს. ყველაზე აშკარა ეს ხდება ამნეზიის შემთხვევებში, როდესაც პიროვნება კარგავს იმის უნარს, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მოგონებები საათების და დღეების განმავლობაში. მათ ასევე უჭირთ მომავლის განჭვრეტა. ზოგიერთი ადამიანი ავტობიოგრაფიული მეხსიერების დიდ ნაწილს კარგავს. ისინი, გარკვეული აზრით, აწმყოზე არიან მიჯაჭვულები. “რაც უფრო ბნელია ღამე”-ში მე აღვწერ ჯაზის ვირტუოზი გიტარისტის, პატ მარტინოს შემთხვევას; მან ტვინის სისხლდენის შედეგად ამნეზია გადაიტანა და პიროვნების დაკარგვა განიცადა. ახლა მისი მეხსიერება მეტწილად აღდგა, მაგრამ მას დაკარგული აქვს ინტერესი წარსულის ან მომავლისადმი. ის მთლიანად აწმყო მომენტზეა ფოკუსირებული. მე ასევე აღვწერე იშვიათი დაავადების, ეგრეთ წოდებული კოტარის სინდრომის  შემთხვევები, რომლებიც, ჩემი ფრთხილი ვარაუდით შესაძლოა “ბირთვი მე”-ს დაშლის შედეგი იყოს. კოტარის სინდრომის მქონე პაციენტები განიცდიან სხვადასხვა დონის თვითუარყოფას, იმის დაჯერებით დაწყებული, რომ მათი შინაგანი ორგანოები გაიხრწნა, დამთავრებული სხეულებრივი შეგრძნებების სრული უარყოფით. ორ პაციენტს, რომელიც მე აღვწერე, სჯეროდა, რომ მკვდარი იყო. მათ მკაფიოდ შეეძლოთ ჩამოეყალიბებინათ თავიანთი ბიოგრაფია, მაგრამ არ გააჩნდათ აწმყო მომენტში სიცოცხლის განცდა. ერთ-ერთ ასეთ პაციენტს აღმოაჩნდა ტვინის აქტივობის უჩვეულო ფორმა (pattern), რომელიც ზოგად ანესთეზიას ახასიათებს, თუმცა იგი დადიოდა და სხვებსაც ელაპარაკებოდა.

რა არის ძილის დამბლა (sleep paralysis) და რა კავშირი აქვს მას თქვენს საინტერესო იდეასთან, რომლის თანახმად, ძველი ბერძნების პანთეონი მათი წარმოსახვის ნაყოფი კი არ იყო, არამედ მულტისენსორულ ჰალუცინაციებს წარმოადგენდა?

ძილის დამბლა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომელიც ძილის და ღვიძილის ზღურბლზე ვითარდება. მისი მთავარი სიმპტომი დროებითი უძრაობაა, რომელსაც თან ახლავს მკვეთრი შიში, გრძნობა, რომ ირგვლივ რაღაც ბოროტება დაძრწის. ხშირად მას ახასიათებს მკაფიო მულტისენსორული ჰალუცინაციები. სიცოცხლის განმავლობაში ძილის დამბლას ადამიანთა 50 % განიცდის. ჰალუცინაციებს ხშირად ახლავს არქეტიპული, ზებუნებრივი არსებები, როგორებიცაა კუდიანები, გობლინები და ვამპირები. მართლაც, ბრემ სტოკერის დრაკულა შეიცავს ძილის დამბლის კლასიკურ აღწერას, როცა გრაფი უიღბლო მინა ჰარკერის ოთახში განიცდის მატერიალიზაციას.

ძილის დამბლის ყველაზე სანდო ახსნაა ცნობიერების ორი მდგომარეობის, ღვიძილის და სიზმრიანი ძილის არანორმალური გადაკვეთა. ადამიანს ღვიძავს, აცნობიერებს გარემოს მაშინ, როცა მასში სიზმრის ხატები იჭრება. ფანტაზია იჭრება რეალობაში. ნათელი არაა რატომაა ეს შემოჭრები არქეტიპული ხასიათის. თითქოს გაიხსნა იუნგიანური აქეტიპების მსგავსი არაცნობიერის კარიბჭე. შემოჭრილები, როგორც ერთ-ერთი ძილის დამბლის მქონე ადამიანი ამბობს, “ისევე რეალური ჩანან, როგორიც რეალობაა.”

მე გამოვთქვამ ფრთხილ ვარაუდს, რომ ძილის დამბლის ჰალუცინაციები შესაძლოა, რაღაც გზით, ირეკლავდეს ძველი ბერძნების მიერ ღმერთების აღქმას. ანტიკურობის ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ბერძნული ისტორიის გარკვეულ პერიოდში ( ძვ.წ მეხუთე საუკუნემდე) ადამიანებისთვის, ზოგიერთი მათგანისთვის მაინც, ღმერთები თვალნათლივ რეალური პიროვნებები იყვნენ. სხვები ვარაუდობენ, რომ ისინი უნდა გავიგოთ, როგორც სასურველი “პროექციები” ან უბრალოდ აბსტრაქტული იდეების პერსონიფიკაციები. მე არ ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო საქმე - ვინ შეიძლება იცოდეს?

ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული დიდი კულტურული და კოგნიტური გარდაქმნების პერიოდი იყო. ზოგიერთი მკვლევრის თანახმად, ეს იყო დრო, როდესაც თანამედროვე, თვითდაკვირვების უნარის მქონე ცნობიერება აყვავდა, როდესაც ადამიანებმა შეიძინეს იმის უნარი, რომ ერთმანეთისგან გაერჩიათ შინაგანი, ინდივიდუალური აზრებისა და მოვლენების სამყაროები და გაჩნდა უფრო მკაფიო წარმოდგენა პირად ავტონომიაზე. შესაძლებელია, რომ ამ მომენტამდე დაყოფა ფანტაზიასა და რეალობას შორის უფრო ფოროვანი იყო და მასში ჟონავდა წარმოსახვითი არსებები სიზმრების სამყაროდან. 1970-იან წლებში ფსიქოლოგმა ჯულიან ჯეინსმა მსგავსი რამ ივარაუდა. ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ახლახან - ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის შემდეგ- ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი თავის, როგორც თავიანთი აზრების და ქმედებების ავტორების აღქმა.  მანამდე კი ქცევას განსაზღვრავდა ჰალუცინაციური ხმები, რომლებიც აღიქმებოდა, როგორც გარეგანი, ზებუნებრივი წარმოშობის (თუმცა, სინამდვილეში ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში წარმოიქმნებოდა). მაგრამ ჯეინსის თეორია შეზღუდულია ხმოვანი ჰალუცინაციებით. მე უფრო შორს წავედი და ვივარაუდე, რომ ძილის დამბლის მულტისენსორულ მოჩვენებებს მივყავართ ღმერთების ისეთ სახეებთან, როგორებიც იყვნენ ისინი ძველი ბერძნების გონებაში. იმის მიუხედავად, მართლა ასეა თუ არა, უფრო ზოგადი აზრი, რომლის გამოთქმაც მინდა ისაა, რომ თუ თანამედროვე გონების გაგება გვსურს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაღაც მისი ისტორიის შესახებ.

არის თუ არა შინაგანი, ერთეულოვანი (singular) ცნობიერების შესახებ ჩვენი იდეა კულტურისეული კონსტრუქცია (cultural construct)? რატომაა ის შეცდომაში შემყვანი?

მრავალი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ დასავლელებს და აღმოსავლელებს შორის კოგნიტური განსხვავებები ასახავს მათ განსხვავებებს სოციალურ ორიენტაციაში. დასავლელებს, რომლებიც იზრდებიან ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ახალისებს ინდივიდუალიზმს, აქვთ უფრო ეგოცენტრული, დამოუკიდებელი მსოფლმხედველობა და, ამასთან ერთად, აქვთ აზროვნების უფრო ანალიტიკური სტილი. ხოლო აღმოსავლელები, რომლებიც გაიზარდნენ კულტურებში, რომლებშიც მეტი ყურადღება ეთმობა საზოგადოების წევრების ერთმანეთზე დამოკიდებულებას, უფრო  მიდრეკილები არიან ჰოლისტური აზროვნებისკენ. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს უფრო ფართო კულტურასთან იმ კონცეფციის მიმართებაზე, რომელიც ინდივიდს საკუთარი თავის შესახებ აქვს და, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს ნარატიული მეს კულტურათშორისი ვარიაციები. მაგრამ, კულტურის მიუხედავად, მე იქმნება მაინც ნარატივის მიერ. ამბები, რომლებსაც ვთხზავთ (ან რომლებიც ჩვენ გვთხზავენ) შესაძლოა განსხვავდებოდეს კულტურებში, მაგრამ ფუნდამენტურად ისინი მაინც ამბებია.

რაც შეეხება ბირთვ მეს, ვეჭვობ, არსებობდეს მისი კულტურის მიერ განსაზღვრული ვარიაციები. ჩვენ ყველანი ერთი და იმავე ნეიროლოგიური მექანიზმებისგან  შექმნილი, სხეულის მქონე არსებები ვართ. სამყაროსთან ჩვენ ვურთიერთობთ გრძნობადი ინფორმაციის დამმუშავებელი ერთნაირი სისტემებით (sensory processing) და ერთნაირი ფიზიოლოგიური თუ ქცევითი რეაქციის მექანიზმებით. ამგვარად, ბირთვი ცნობიერების განცდა, რომელიც გულისხმობს  შინაგანად მწყობრ (coherent), ცნობიერ, ერთეულოვან აღქმას, რომელშიც ასევე იგულისხმება მომენტიდან მომენტამდე აღქმითი და ქცევითი ჩასწორებები მოვლენათა ნაკადში, ვფიქრობ, უნივერსალურია ადამიანისთვის.

რა არის ცნობიერების აქციონისტური პარადიგმის მთავარი იდეა? შესაძლებელია თუ არა,  რომ მან ცნობიერება ემპირიულად ხელმისაწვდომი გახადოს?

ჩვენ, როგორც წესი, მენტალურ აქტივობაზე ვფიქრობთ, როგორც შინაგან პროცესზე და ერთმანეთისგან ვაცალკევებთ აღქმას (სტიმულს, რომელიც გონებაში სამყაროდან შემოდის) , ქმედებას (გონებიდან სამყაროსკენ მიმავალ რეაქციას) და აზროვნებას (კოგნიცია, cognition), რომელიც ცენტრში წარმართავს პირველი ორის მიმოცვლას. აქციონისტური პარადიგმა გვთავაზობს უფრო ფართო პერსპექტივას, რათა ვიფიქროთ გონებაზე და ცნობიერებაზე ტვინის, სხეულის და სამყაროს დინამიკური ურთიერთქმედების ცნებებით. აზროვნება უნდა გავიგოთ, როგორც რაღაც ისეთი, რასაც არა აქვს კონკრეტული მდებარეობა, არამედ ფორმას იძენს შინაგანი პროცესების და გარეგანი სამყაროსთვის (სხეულის ჩათვლით) დამახასიათებელი რეგულარული ფორმების, პატერნების (pattern) ურთიერთქმედებით. ფილოსოფოსი ალვა ნოე ხედავს ანალოგიას ცნობიერებასა და ცეკვას შორის. ცნობიერების ახსნისას მხოლოდ ტვინის მოქმედებაზე ფოკუსირება იგივეა, რომ ავხსნათ ცეკვა მხოლოდ მოცეკვავის კუნთების მოქმედებაზე დაკვირვებით. კუნთების მოქმედება ცენტრალურია, მაგრამ ის მხოლოდ სურათის ნაწილია. ასევეა ნეირონების მოქმედების და ცნობიერების შემთხვევაშიც. განცდა არაა ის, რაც ჩვენში ხდება, ამბობს ნოე; ის არის რაღაც, რასაც ვაკეთებთ. თავად განცდაც ცეკვის მსგავსად ჩვენს გარშემო მყოფ სამყაროში დინამიკური ჩართულობა და მონაწილეობაა.

ახლა, შენ შეგიძლია შემეკამათო, რომ ეს მართალია კოგნიციის შემთხვევაში. ჩვენ ყოველდღიურად ყველა შესაძლო გზით განვავრცობთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს კოგნიტურ ფუნქციებს. ჩვენ ვწერთ საყიდლების სიას მეხსიერების დასახმარებლად. ჩვენ ვიყენებთ კალკულატორებს რთული არითმეტიკისთვის. ჩვენი სმარტფონების მეშვეობით გვაქვს წვდომა ინფორმაციის უზარმაზარ რესურსებთან.  თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ ვზრდით ჩვენს კოგნიტურ ძალებს. მაგრამ, ცხადია, შენ იტყვი, ნედლი, ფენომენალური ცნობიერებაა ის, რაც ხდება ჩვენს თავებში. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მშვიდად და თვალდახუჭულებმა წარმოვიდგინოთ ცნობიერი ხატები ყოველგვარი ქმედების გარეშე. ეს სამართლიანი შენიშვნაა! ჩემი აზრით, ესაა ამოცანა, რომელიც აქციონისტურმა პარადიგმამ სრულად უნდა გადაჭრას. მაგრამ ტვინი და სხეული არასდროსაა უმოქმედო (სიკვდილამდე) და აქციონისტური პარადიგმის მთავარი იდეაა, რომ ყურადღება  სტიმულის სისტემებიდან რეაქციის სისტემებზე გადავიტანოთ. ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი სცენა პოტენციური ქმედებაა. მე ვხედავ ყავის ფინჯანს და პოტენციური ქმედება, რომლის შესაძლებლობასაც ყავის ფინჯანი მაძლევს, ჩემი ცნობიერი აღქმის მთლიანობის შემადგენელი ნაწილია. მე ვხედავ მთვარეს. იმის მიუხედავად, რომ მასთან პირდაპირ ურთიერთქმედება არ შემიძლია, მე შემიძლია ჩემი სხეულის მდგომარეობის შეცვლა ისე, რომ უკეთესი ხედი მივიღო; და ასე შემდეგ. წარმოსახვითი სცენებიც პოტენციურ ქმედებებს გულისხმობს. აცნობიერებდე რაღაცას, ეს ნიშნავს,  რომ ობიექტთან, სცენასთან ამ ბგერასთან გაკავშირებდეს შენი ნამდვილი ან შესაძლო სხეულებრივი ქმედებები. ცნობიერება არაა მისტიკური, ეთეროვანი აზრების ბუშტი, რომელიც ჩვენს გონებაში ტივტივებს (მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩანს). ის არის ქმედება, სამყაროზე ზემოქმედება სხეულის და ტვინის დინამიკის მეშვეობით. (შესაძლოა!)

როგორაა ცნობიერება და მე დაკავშირებული ფიზიკური სამყაროს დროით და სივრცით განზომილებებთან?

(იხილე ზემოთ)

რამდენად შორსაა თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერება სიბერის პროცესის “განკურნებისგან” და რას მოასწავებს იგი მეს შესახებ თანამედროვე კონცეფციისთვის?

მე არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი და ამიტომ არ ვარ სათანადოდ აღჭურვილი ბევრის სათქმელად. ჩემთვის დამახასიათებელ სკეპტიციზმს იმ აზრამდე მივყავარ, რომ საკმაოდ შორს ვართ სიბერის “პრობლემის” განკურნებისგან. ალბათ, შესაძლოა, მეტად უნდა დავეყრდნო ნამდვილ ექსპერტს ბიოსამედიცინო გერონტოლოგიაში, ობრი დე გრეის, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ სიბერის “განკურნების” პოვნისგან. ის ფიქრობს, რომ პირველი ადამიანი, რომელიც ათას წელს მიაღწევს, უკვე დაიბადა. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც მეს კონცეფციას შეეხება, “რაც უფრო ბნელია ღამე”-ს მცირე ნაწილი, სამუდამო სიცოცხლის შესაძლებლობას ეთმობა. გახდება სიცოცხლე მომაკვდინებლად მოსაწყენი, თუ ის ზედმეტად მდიდარია შესაძლებლობებით, რათა ოდესმე მოგწყინდეს. იქნებოდა თუ არა უკვდავება პირდაპირი გაგებით თავისი თავის დამმარცხებელი? საუკუნეების განმავლობაში, განიცადა რა ჩემმა ტვინმა და სხეულმა სამარადისო სიცოცხლისთვის საჭირო გაუმჯობესებები, ვიქნები თუ არა ისევ ეს მე? ეს ცვლილებები ძალიან განსხვავებული იქნება იმ ცვლილებებისგან, რომელსაც ნორმალური სიცოცხლის განმავლობაში განვიცდი? ფსიქოლოგიურად მე არ ვარ  ის ადამიანი, რომელიც ვიყავი ხუთი წლის ასაკში, ბევრი ასპექტით მე არც ის ადამიანი ვარ, რომელიც ვიყავი ოცდათხუთმეტი წლის ასაკში. ჩვენ შექმნილი ვართ ჩვენი განცდებისგან, და იმ ამბებისგან, მათგან რომ ვქმნით. ისინი კი მუდმივად განიცდიან რეკონსტრუქციას. ამგვარად, მივიღებდი თუ არა უკვდავების შემოთავაზებას? კი. ორივე ხელით!

 

საუკეთესო სურვილებით, პოლი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები