საქართველოს სახალხო დამცველი

ლომჯარია: ჩემი სურვილია, მოხდეს მუქარის შეტყობინებების ავტორთა იდენტიფიცირება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებდა

ომბუდსმენი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შემდეგ რეაგირებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. 

"მივაწოდე შესაბამის მასალები, გამომკითხეს, შეადგინეს ოქმი. განვაცხადე, რომ ჩემი სურვილია შს სამინისტრომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ეს არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც თვითორგანიზებას ეწევიან, აცხადებენ, რომ უნდა ორგანიზდნენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. რამდენად რეალურია, ეს ალბათ შს სამინისტრომ უნდა დაადგინოს",- თქვა ლომჯარიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

ნინო ლომჯარიამ Facebook გვერდზე მუქარის შემცველი ფოტოები გაავრცელა. მისი თქმით, მსგავსი შეტყობინებების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი სახალხო დამცველი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ ბრიფინგი გამართა და სოციალური ქსელის მეშვეობით მუქარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

კომენტარები