CIDA: ჩვენთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, ეს ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მისიას

სახალხო დამცველის გადაწყვეტილებიდან 10 დღის შემდეგ, 12 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ზვიად დევდარიანის საქმეს გამოეხმაურა. მათი თქმით, ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია დასკვნაში აღწერილი შემთხვევები და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა.

CIDA-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს ორგანიზაციაში და არ აქვს კავშირი მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან.

CIDA-ს თქმით, ორგანიზაციისთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, მათ შორის, სექსუალური შევიწროება, რადგან ეს ეწინააღმდეგება სიდას მისიას, ღირებულებებსა და სამუშაო გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

"ვაცნობიერებთ, რომ როგორც ორგანიზაციას, რომელიც წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად, გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები, ბენეფიციარები, და სხვა დაინტერესებული მხარეები სექსუალური შევიწროებისგან და სხვა სახის ძალადობისგან.

სწორედ ამიტომ, სიდამ გადადგა დამატებითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი; გადაამზადა თითოეული თანამშრომელი აღნიშნული მიმართულებით; ასევე, გააძლიერა მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით",- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ქალთა გაძლიერების თემაზე და მზად არიან "ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის".

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობდა. 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" თანამშრომლებმა 17 მარტს, მას შემდეგ, რაც სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი წერდნენ, რომ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი და "ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე". გარდა ამისა, "სიდა" ქალთა მოძრაობის წერილს "ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველს" უწოდებდა.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ზვიად დევდარიანი სიდას ხელმძღვანელობის დროს ორგანიზაციისთვის ოფისს ცოლისგან ქირაობდა. მეტიც, მას შედეგ, რაც დევდარიანი თანამდებობიდან გადააყენეს, CIDA კვლავ ამ შენობაში რჩებოდა. ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი, სალომე ზურაბიშვილი კი სექსუალური შევიწროების საქმეზე საკუთარ პოზიციას მედიასთან არ აფიქსირებდა, მიუხედავად იმისა, რომ სიდა ქალების უფლებებზეც მუშაობს.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა. 3 აპრილს მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები