საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" კანონპროექტი - 35%-იანი დანამატი მაღალმთიანი რეგიონების სკოლა-ბაღებში დასაქმებულებს

parliament.ge

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული ყველა პირი სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იან დანამატს მიიღებს.

მოქმედი კანონმდებლობით,  მაღალმთიან დასახლებებში სახელფასო დანამატს მხოლოდ სკოლის მასწავლებლები იღებენ. სოციალური შეღავათები არ ეკუთვნით ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს.

კანონპროექტის ავტორების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათი გავრცელდეს მაღალმთიანი რაიონების სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულ ყველა პირზე.

"სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონით, აღმზრდელებს მიენიჭათ პედაგოგის (აღმზრდელ-პრედაგოგი) სტატუსი. ლოგიკური იქნება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისათვის განკუთვნილი სოციალური შეღავათი გავრცელდეს მათზეც" - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ავტორებიც არიან ქართული ოცნების დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.

"მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა. სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების უკეთ განხორციელებას და ამით მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა" - წერია კანონპროექტში.

დოკუმენტის მიხედვით, ბენეფიციარების დასაკმაყოფილებლად, წელიწადში დაახლოებით 5 000 000 ლარი უნდა გამოიყოს. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.

"4.4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულებს.

აქედან 1 300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3 500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, რომელთა საშუალო ხელფასი 150 ლარია. 600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარია" - წერია კანონპროექტში და აღნიშნულია, რომ პირები, რომლებიც მიიღებენ 35%-იან სახელფასო დანამატს, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხდიან გაზრდილი შემოსავლის 20%-ს.

კომენტარები