ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

პროკურატურა: კაცმა ცოლს საჭმლის "დროულად არ მიტანის" გამო სცემა, ხელ-ფეხი შეუბოჭა, დანა ჩაარტყა

www.geo.tv

საქართველო პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის წამებისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყებაში ამბობენ, რომ 2018 წლის თებერვალში მარნეულში კაცმა ცოლს იმის გამო სცემა, რომ მან საჭმელი "დროულად არ მიუტანა", შემდეგ კი ხელ-ფეხი ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა და ფეხში დანა ჩაარტყა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ იმის გამო, რომ მეუღლემ - ლ.ბ.-მ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სცემა მას, ხოლო, როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ლ.ბ.-ს წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქალი დაახლოებით 4 საათით იყო შებოჭილი და ამ დროის განმავლობაში, ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 11 პრიმა,144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გ.გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები