ავტოავარია

"დაწერე, რომ წაიქეცი და დავხუროთ საქმე" - მოქალაქე ამბობს, რომ შსს-ს ავარიის გამოძიება არ სურს

ფეისბუქი მომხმარებელი, გოგი ხოჭოლავა წერს, რომ 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე თბილისში, გმირთა მოედნის ესტაკადაზე იმყოფებოდა მოპედით, რა დროსაც შავმა ტოიოტამ საავარიო სიტუაცია შეუქმნა და ადგილიდან მიიმალა. მისი თქმით, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ ის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ საქმეში მოწმეები არ არსებობს და არის მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეო.

"მძღოლი ცოტა ხნით კი გაჩერდა, დაინახა ჩემი უძრავი სხეული, ალბათ ეგონა გარდავიცვალე და მიიმალა ადგილიდან. დაზიანებული მაქვს ნახევარი სხეული, ამოგდებული მაქვს მხარი, იდაყვი, კუნთები მაქვს დაბეჟილი, ნეკნები დამტვრეული. ამ მდგომარეობაში ორი დღის თავზე დამიბარეს გამომძიებლებმა და ვიყავი პოლიციაში. გამომძიებელმა მითხრა, რომ ადგილზე სხვა მოწმეების ჩვენებები არ აიღეს", - ამბობს ხოჭოლავა.

ხოჭოლავას თქმით, გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ვერ გამოიძიებენ და დაწერეს, თითქოს წაიცა.

"გამომძიებელი დამცინავად მეუბნება, რომ ჩვენ ამ საქმეს ვერ გამოვიძიებთ, უბრალოდ დაწერე, რომ წაიქეცი მოპედით და დავხუროთ საქმე. არ ვაპირებ არანაირი საქმის დახურვას, თუ ვინმე იურისტი ხართ, დამიდექით გვერდში", - აღნიშნავს გოგი ხოჭოლავა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში.

მისივე თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ მისი მოპედი არ არის რეგისტრირებული და იმყოფება საჯარიმოზე, ასევე, სჭირდება ექსპერტიზა და ყველა ხარჯი თვითონ უნდა დაფაროს, რადგან მეორე მხარე არ არსებობს. ხოჭოლავა ამბობს იმასაც, რომ ავარიის დროს დაუზიანდა კომპიუტერი და ტელეფონიც, ასევე, მოპედი არის ძალიან დაზიანებული.

ხოჭოლავა ვარაუდობს, რომ ადამიანი, ვინც მას დაეჯახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და მას ხელს აფარებენ.

"სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, დამცინიან. ის იყო ტოიოტა ქამრი, რომელსაც დაბურული შუშები ჰქონდა. მგონია, რომ შსს-ს თანამშრომელია და ხელს აფარებენ. სხვა ვარაუდი არ მაქვს. დღეს ფაქტობრივად დამცინეს. მივედი ასეთ მდგომარეობაში, კოჭლობით, ნეკნები მტკივა, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვაზეც კი ძალას ვიკრებ და დამცინეს, მითხრეს, რომ ასეთი საქმეები გამოძიება უჭირთ. მაშინ რაში ვიხდი ფულს?", - ამბობს ხოჭოლავა.

​მისივე თქმით, ავარია ქალაქის ცენტრში მოხდა და სხვა კამერებზეც იქნება ასახული. ასევე, მიმდებარე ქუჩებზე დაფიქსირებული იქნება ტოიოტას გადაადგილება.

გოგი ხოჭოლავა აღნიშნავს, რომ მიჩქმალვას არ აპირებს და საქმეს ბოლომდე მიყვება.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა და ახლაც გრძელდება.

"აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიება დაადგენს რა იყო ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. თუ მოქალაქეს აქვს პრეტენზიები გამოძიების მსვლელობის თაობაზე, უნდა მიმართოს გენინსპექციას ან საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიების დეტალების ან ხარვეზების დასადგენად. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვიტყვით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეო ჩანაწერები და აწარმოებს კადრების შესწავლას.

სხვა კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები