ერთა ლიგა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეხუთე ოფიციალური მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ანდორაში ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელ სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სოლომონ კვერკველიას მსგავსად, "ტობოლის" ქართველმა ლეგიონერებმა - ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ანდორაში, გუშინ გამართული ვარჯიშის შემდეგ, ნიკა კვეკვესკირმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი.

უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ."

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მასპინძელ სტადიონზე 14 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები