თბილისის მერია

კალაძე: ვისმა ავადმყოფურმა გონებამ დასვა ტოლობის ნიშანი ნაძვის ხეს და სარალიძეს შორის

კახა კალაძე კიდევ ერთხელ უარყოფს და "უტიფარ, ცილისმწამებლურ კამპანიას" უწოდებს იმას, "თითქოს თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა". დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ "ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე". მისი თქმით, გასაჯაროებული მიმოწერით ჩანს, რომ ზაზა სარალიძემ მათ აქციის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, ხოლო მერიამ შეატყობინა, რომ 15 დეკემბრიდან საახალწლო ღონისძიებები იგეგმებოდა.

"ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ის აზრი, (არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა ან მამა), რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვასაახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინა ჩვენთვის" - თქვა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა 9 ნოემბრის პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ თბილისის მერიამ მათ საახალწლო ღონისძიებების გამო აქციის ადგილის შეცვლა მოსთხოვა, კახა კალაძემ დამატებითი კომენტარი გააკეთა და "მარტივ გამოსავლად" კანონი დაასახელა.

"მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია, დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის" - ამბობდა თბილისის მერი რამდენიმე დღის წინ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მისი ამ კომენტარის და რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც, ზაზა სარალიძე და დედამისი შეუძლოდ გახდნენ, შეიქმნა ონლაინ პეტიცია - უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს. პეტიციას ამ დროისთვის 9 800 ხელმომწერი ჰყავს. იმისთვის, რომ მიმართვა ადრესატს ანუ თბილისის მერიას გადასცენ, პეტიციას კიდევ 200-მა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი.

კომენტარები