ამოუცნობი მფრინავი ობიექტები

ირლანდია მის სანაპიროებთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენას იძიებს

ირლანდიური საავიაციო სამსახური იძიებს შეტყობინებას ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ნათელი შუქის და ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის შესახებ.

აღნიშნული ფაქტი 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47-ზე დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ბრიტანეთის ავიახაზების პილოტი საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს დაუკავშირდა.

პილოტს აინტერესებდა, მიმდინარეობდა თუ არა აღნიშნულ ზონაში სამხედრო წვრთნები, რადგან იმ მიდამოებში “რაღაც ძალიან სწრაფად მოძრაობდა”.

საჰაერო კონტროლის ოპერატორმა განმარტა, რომ აღნიშნულ ზონაში არანაირი სამხედრო წვრთნები არ მიმდინარეობდა.

პილოტმა, რომელიც კანადის, ქალაქ მონრეალიდან ჰიტროუს აეროპორტში მიფრინავდა, თქვა, რომ მან შენიშნა ძალიან მკვეთრი ნათება და გაურკვეველი საფრენი საშუალება თვითმფრინავს მარცხენა მხრიდან მიუახლოვდა და რამდენიმე წამში ჩრდილოეთისკენ უსწრაფესად იცვალა კურსი.

კიდევ ერთი თვითმფრინავის პილოტის თქმით, მანაც შენიშნა აღნიშნული ტრაექტორიით მოძრავი მკვეთრად განათებული ობიექტი, თუმცა მისი თქმით, ეს შესაძლოა ყოფილიყო მეტეორი.

კომენტარები