არჩევნები 2018

თაკო ჩარკვიანი: მეორე ტურის შემდეგ გამოჩნდება ახალი პარტია "კანონი და სამართალი"

1tv.ge

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ვადასტურებ, რომ გამოჩნდება ახალი პარტია - "კანონი და სამართალი", რაც აკლია ჩვენს ქვეყანას, ორგანიზაციის სახელიც განზრახ არის შერჩეული - უთხრა ტაბულას თაკო ჩარკვიანმა.

"ჩვენ არჩევნებამდე შეგნებულად არ გავაკეთეთ პრესკონფერენცია, იმიტომ რომ ორგანიზაციაში ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც არასდროს ყოფილა ნაციონალურ მოძრაობაში, ან არ ემხრობოდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ყველანი ხმას გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვცხადებულიყავით არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ახლა ორი პარტიის, კანდიდატის, მოცემულობაა, ჩვენი გამოცხადებით რა შეიცვლებოდა ამ მოცემულობაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არჩევნების შემდეგ გამოვჩნდეთ", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

კითხვაზე, თუ ვინ და ვინ იქნება ამ პარტიის შემადგენლობაში ჩარკვიანმა თავი შეიკავა კონკრეტული პირების გვარების დასახელებისაგან. მისი თქმით, ეს პოლიტიკურად დიდი შეცდომა იქნება, რადგან ორგანიზაციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს აძლევენ ხმას.

თაკო ჩარკვიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება - "ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებისთვის კეთდება. მე პირადად პირადად მომხრე ვარ ვადამდელი არჩევნების, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ეს სრულიად უპასუხისმგებლო კორუფციაში ჩაფლული საკანონმდებლო ორგანო უნდა მოშორდეს", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

მან ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილზე და თქვა, რომ მისი ფრაზები, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ამონარიდები წიგნიდან, რომელიც ჰააგის სასამართლოში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა გამოყენებული "იდიოტის, ან ჯაშუშის პრეროგატივაა".

კომენტარები