ისრაელი-პალესტინა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი პალესტინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გადადგა

ავიგდორ ლიბერმანი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი უშიშროების კაბინეტის მიერ ღაზაში პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების გამო თანამდებობიდან გადადგა.

პარტია "ისრაელი - ჩვენი სახლი"-ს ლიდერის თქმით ეს ნაბიჯი "ტერორიზმის წინაშე დანებებაა." ლიბერმანი ჰამასთან ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევის მცდელობებსაც აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა გაისროლეს, ხოლო საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში 160 სამიზნე დაბომბა. დაბომბვები მას შემდეგ განახლდა, რაც კვირას ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ძალების ოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰამასის წევრი 7 პალესტინელი და ისრაელის ძალების ერთი ლეიტენანტი.

ამის შემდეგ ჰამასმა გამოაცხადა, რომ მზადაა დათანხმდეს ეგვიპტის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ამას ისრაელიც გააკეთებს. ისრაელის უშიშროების კაბინეტმა თავდაპირველად თქვა, რომ სამხედრო ოპერაციები საჭიროებისამებრ გაგრძელდებოდა, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით შეთანხმების მიღებას დათანხმდა.

კომენტარები