არჩევნები 2018

"აბსოლუტური ტყუილია, ცესკოს შენობა არ დამიტოვებია" - ჟვანია ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს რამდენიმე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ ჟვანია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მის სასახლეში ხვდება. მისი თქმით, ეს არის "აბსოლუტური ტყუილი, მცდარი ინფორმაცია და ჩემი ვარაუდით, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა". ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მას დღის განმავლობაში შენობა არ დაუტოვებია.

"მას შემდეგ, რაც დილით ცესკოში მოვედი, მე ვარ ამ ადმინისტრაციულ შენობაში, საერთოდ არ დამიტოვებია შენობა, რადგან განვიხილავდი დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს, მქონდა სამუშაო შეხვედრები. როცა ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მე ვიმყოფებოდი სხვაგან შეხვედრაზე, ზუსტად ამ დროს ჩემს სამუშაო ოთახში ვხვდებოდი ცესკოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან.

მინდა მივმართო მედიის ნაწილს, რომ სულ მცირე, ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან და საკუთარ კოლეგებთან, ჟურნალისტებთან, რომლებიც შეიყვანეს შეცდომაში. ასევე მინდა, მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა ჟურნალისტებს, რომ ცესკოს არასდროს ჰქონია პრობლემა რაიმე ინფორმაციის გავრცელების, ჩვენ ვართ საჯარო ინსტიტუტიცია და ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება ჩვენთან შესაძლებელია. გთხოვთ, ასე ხელაღებით ნუ დაუჯერებთ გავრცელებულ ტყუილს" - თქვა ჟვანიამ. 

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი სხდომა, რომელიც 13:00-ზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებზე 19:00-ზე იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე განიხილავენ პირველი ტურის შედეგების შეჯამების საკითხს. ასევე, განკარგულებას, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

სწორედ სხდომის გადადების შემდეგ, რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა.

კომენტარები