საბანკო რეგულაციები

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის რეგულაციების ამოქმედება 2019 წლის იანვრამდე გადაიდო

ეროვნული ბანკის განცხადებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.

ეროვნულმა ბანკი აცხადებს, რომ ორგანომ გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პოლიტიკა/პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ დებულების მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება.

მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, რაც დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა).

რეგულაციები ძალაში თავდაპირველად 1 ნოემბერს უნდა შესულიყო, სებ-მა საბანკო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ვადა 2 კვირით 15 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა, დღეს გაირკვა, რომ რეგულაციები ძალაში არც 15 ნოემბერს შევა. 

კომენტარები