არჩევნები 2018

"ქართულ ოცნებაში" ბრიფინგი რ2-ს მიუძღვნეს - "ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი"

ტაბულა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც რუსთავი 2-ს ეძღვნებოდა. დეპუტატმა განცხადება 20 წუთის დაგვიანებით გააკეთა და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში რუსთავი 2-ის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ტელევიზია "რუსული სტილის ტოტალურ პროპაგანდას" აგრძელებს.

მისი თქმით, ტელევიზია არღვევს ეთიკურ სტანდარტებს და საარჩევნო კანონმდებლობას. დეპუტატმა რუსთავი 2-ს მოუწოდა "ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი".

"როგორც ყველა ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად. გარდა ეთიკისა, ისინი არ ერიდებიან არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს. არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა. საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა. როგორც ვხედავთ, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ, გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, რუსთავი 2-მა უკვე რამდენიმე დღეა განათავსა "ნაცმოძრაობის" ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია რუსთავი 2-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაცვას კანონის მოთხოვნები", - თქვა მდინარაძემ.

​მან მიმართა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

კომენტარები